„სოფელი ესე მსგავსია სავაჭრო შესაკრებელსა აქ თუ არ ვიღწვით, ვერ ვპოებთ სხვას კეთილთ მოსაკრებელსა“- ეს სიტყვები საქართველოს მეფე პოეტს არჩილ II-ს იგივე შაჰნაზარ ხანს ეკუთვნის, ერთ-ერთ ყველაზე ტანჯულ ქართველ მონარქს, რომელსაც არაერთი მცდელობისა სამეფო ტახტი მოწინააღმდეგეებმა არა და არ შეარჩინეს.
ის მეფობდა ჯერ იმერეთში (1661-1663 წლები), შემდეგ კახეთში ( 1664-1675 წლები), შემდეგ ოთხგზის კვლავ იმერეთში (1678-1679, 1690-1691, 1695-1696, 1698). 1699 წელს კი სამშობლოდან სამუდამოდ გაიხიზნა და მოსკოვის მახლობლად, სოფელ ვსესვიატსკოვში დასახლდა. არჩილმა აქ ფართო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა გააჩაღა.
მეფის საქმეთაგან ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და აღსანიშნავი ქართული შრიფტის შექმნაა. ამისათვის არჩილმა შორეულ ჰოლანდიას ჯერ კიდევ XVII საუკუნის 80-იან წლებში მიმართა. პროფესორმა ჯუანშერ ვათეიშვილმა გამოარკვია, რომ მეფე არჩილს ამ წამოწყებაში ყველაზე ენერგიული დახმარება ამსტერდამის ბურგომისტრმა ნიკოლაას კორნელიუსის ძე ვიტსენმა აღმოუჩინა. სწორედ ვიტსენის მხარდაჭერის შედეგად მოხერხდა წიგნის ბეჭდვის ოსტატთა შორის იმ პიროვნების აღმოჩენა, რომელიც მთელი გულისყურითა და პასუხისმგებლობით მოეკიდა არჩილ მეფის არც თუ მარტივი დაკვეთის შესრულებას. ეს იყო ამსტერდამში იმ დროისათვის უკვე ცნობილი პოლიგრაფისტი უნგრელი ნიკოლას კისი (უნგრულად მისტოტფალუში კიშ მიკლოში) ის სასტამბო საქმის ოსტატთა დღემდე ცნობილ უბანში ბლუმენხრახტზე (Bloemigracht), დიდ სირთულეთა გადალახვის გზით ამზადებდა ქართული შრიფტის პუანსონებსა და მატრიცებს.
არჩილ მეფეს ამ ამბავთან დაკავშირებით ამსტერდამის ბურგომისტრის ნიკოლაას ვიტსენისათვის წერილი გაუგზავნია, რომელიც ამჟამად ამსტერდამის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაშია დაცული და იგი პროფესორმა ჯუანშერ ვათეიშვილმა შეიწავლა.
წერილში წერია: „..ამ წერილით მოგმართავთ და მოგესალმებით თქვენ, უბრძნესო და უსათნოესო ადამიანო, რათა გაგეცნოთ და თქვენთან ჭეშმარიტად მეგობრული ურთიერთობა დავამყაროთ. უცნობილესო და უღირსეულესო ნიკოლოზ ვიტსენ – ჰოლანდიის რესპუბლიკის გამორჩეულ და ბრძენ მოღვაწეთა შორის უძლიერესი ქალაქ ამსტერდამის გუბერნატორად არჩეულო. გაგებული გვაქვს …რომ თქვენ დიდი მზრუნველობა გამოიჩინეთ ჩვენი სტამბის მიმართ, რათა იგი სრულფასოვანი იყოს. ამიტომ ამ მეგობრული წერილით მადლობა გვინდა მოგახსენოთ და გთხოვოთ, რომ მომავალში ისეთივე თავაზიანობით განიმსჭვალოთ, როგორც მანამდე…. ”.
ჰოლანდიაში მოღვაწე უნგრელმა ოსტატმა მიკლოშ კიშმა ამსტერდამის ბურგომისტრის აქტიური მხარდაჭერით არჩილ მეფის დაკვეთა ზედმიწევნით შეასრულა და ქართული შრიფტი მოსკოვში გასაგზავნად მოამზადა… სამწუხაროდ ძვირფასმა განძმა ქართველ მონარქამდე ვერ ჩააღწია, არჩილი 1688 წელს ვაჟიშვილებთან ერთად საქართველოში გაემგზავრა იმ იმედით, რომ იმერეთის ტახტს დაიბრუნებდა, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა… ამდენად ქართული წიგნის ბეჭდვის და შრიფტის შექმნის ისტორიაში ქართველ ხელმწიფესთან ერთად ჰოლანდიელ მოღვაწეს, ამსტერდამის ბურგომისტრს ნიკოლაას ვიტსენს განსაკუთრებული ადგილი უკავია.
წყარო: გიორგი კალანდია – “ქართველები მსოფლიო ისტორიაში” ტომი 12. ჰოლანდიის სახელოვანი ქართველობა