„ფიროსმანს მირზაანში მუშაობა ძალიან უყვარდა, ფეფეს სახლში და მირზაანელი ნათესავების ბინებში მხატვრის მრავალი სურათი ინახებოდა, მაგრამ 1937 წელს კომუნისტური რეპრესიების დროს ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა აღიარებით ჩვენებაში თავის „თანამოაზრედ“ ნიკო ფიროსმანიც დაასახელა.
„ერის მოღალატესთან“ და „კონტრრევოლუციონერთან“ ახლო კავშირით შეშინებულმა ფიროსმანის ნათესავებმა მხატვრის ორმოცზე მეტი ტილო შინიდან გამოიტანეს, ნავთი გადაასხეს და დაწვეს“.
თბილისში ისეთი შემთხვევაც ახსოვთ, როდესაც ფიროსმანის ნახატები ნაგავში ეყარა. მათ ასაღებად მხოლოდ დახრა იყო საჭირო. ასეთი რამე შეემთხვა ცნობილ კოლექციონერს პაპუნა წერეთელს.
ერთ დილას, შინიდან ეზოში ჩამოდიოდა, უნებურად მისი ყურადღება მიიქცია იქვე დაგდებულმა მუყაომ, რომელზეც მეეზოვე ნაგავს ახვეტდა. მუყაოს ერთ მხარეს რაღაც ლაქები ეტყობოდა, მეორე კი შეუღებავი იყო. კოლექციონერს ცნობისმოყვარეობამ სძლია, მუყაო აიღო, ცხვირსახოცით ტალახი ჩამოწმინდა და მის ქვეშ დახატული სოფლის ეზო, ქალი, კრუხი და წიწილები გამოჩნდა – ფიროსმანაშვილის დღეს უკვე ცნობილი ნახატი, იგი საერთოდ არ იყო დაზიანებული.
– საიდან ეს სურათი? – ჰკითხა მეეზოვეს.
– მუყაო აქ ეგდო და მეც ზედ ნაგავი მივახვეტეო, – უპასუხა მეეზოვემ.“
წყარო: გიორგი კაკაბაძე – ნიკო ფიროსმანი