საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
ჩვენი გუნდი 9 აპრილს საკუთარ მოედანზე საფრანგეთს უმასპინძლებს, 12 აპრილს კი, სტუმრად რუსეთს დაუპირისპირდება. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა აღნიშნული მატჩებისთვის 20 მოთამაშე გამოიძახა. საფრანგეთისა და რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ნიკოლოზ კურტანიძე და სიმი საიოტი ვერ დაეხმარებიან.
საქართველოსა და საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჩატარებული ოთხი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შვიდი ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.