„დასაწოლად ვემზადებოდით, რომ ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. შეკითხვაზე, თუ ვინ იყვნენ, თქვეს, შინსახკომიდან ვართო. მამა მაშინვე მიხვდა, რისთვისაც მოვიდნენ… ხანგრძლივი ჩხრეკის შემდეგ უთხრეს, ჩაიცვი და წამოდიო, მალე დაგაბრუნებთო. მამა შემოვიდა ჩვენთან, ჩამოჯდა იმ საწოლზე, რომელზეც იწვა პატარა ძმა. ჩვენ ავტირდით, უმცროსსაც გაეღვიძა და ისიც ატირდა. ასე ტირილსა და საცოდაობაში წაიყვანეს.
ყოველდღე ველოდით, ვუნახავდით ხილს, საჭმელს. მამა კი არ ჩანდა… ერთხელ მოიტანეს ამბავი, რომ პატიმრები თბილისში გადაჰყავდათ. იმედით აივსნენ ადამიანები, ვნახავთ და გადავცემთ საჭმელს, ტანსაცმელს, ფულსო. უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ციხესთან… გააღეს თუ არა ჭიშკარი, მანქანები საშინელი სიჩქარით გააქროლეს. ხალხი ყვიროდა, ეძახდა თავისიანებს… მანქანები არ შეუჩერებიათ. ჭირისუფლებს ისღა დარჩენოდათ, რომ პირდაპირ მანქანებში ესროლათ ამანათები იმ იმედით, რომ პატიმრებს რაღაც მაინც შეხვდებოდათ. მაგრამ მოხდა ისე, რომ ბევრი რამ მანქანის მეორე მხარეს მიწაზე ჩამოიყარა” – ნაზი ჯალაღანია მამაზე, სპირიდონ ჯალაღანიაზე.
სპირიდონ დიმიტრის ძე ჯალაღანია დაიბადა 1892 წელს ხონში. 1916 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ფოთში, შემდეგ ქუთაისში – სამხედრო ჰოსპიტალის მთავარ ექიმად. 1932 წელს გარდაეცვალა მეუღლე ვერა ბახტაძე, რის გამოც სამუშაოდ და საცხოვრებლად გადავიდა ხონში (წულუკიძე), სადაც ცხოვრობდნენ მისი და მეუღლის მშობლები და ნათესავები. დაპატიმრებამდე მუშაობდა ხონის (წულუკიძე) რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ.
ბრალად დასდეს, რომ 1937 წელს ნ. ციბაძის მიერ გადაბირებული და ჩართული იყო კონტრ-რევოლუციურ არალეგალურ მენშევიკურ ორგანიზაციაში და აქტიურად მონაწილეობდა მის მუშაობაში. ორჯერ დაესწრო ორგანიზაციის არალეგალურ სხდომას. სისტემატურად ჰყვებოდა ანტისაბჭოთა ანეკდოტებს. ხშირად თამაშობდა კარტს (მომხსენებელი – ობგაიძე).
სპირიდონ ჯალაღანიასა და მასთან ერთად კიდევ ათი სხვა ადამიანის დაპატიმრების მიზეზი გამხდარა სხვა საქმის გამოძიების დროს ბრალდებულ ე. არადიშვილის მიერ მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც, თითქოს, მის მიერ შექმნილი ორგანიზაციის წევრი იყო ნ. ციბაძე, რომელმაც შემდგომ თვითონ შექმნა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციაში მიიწვია ს. ჯალაღანია. გამოძიების მტკიცებით, ორივე ორგანიზაციას ხელმძღვანელობდნენ ბუდუ მდივანი და მალაქია ტოროშელიძე.
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებული განსაკუთრებული სამეულის 1937 წლის 21 ნოემბრის დადგენილებით, სპირიდონ ჯალაღანიასა და კიდევ 7 ბრალდებულს მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა, განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 14 დეკემბერს. სამს შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მათგან ერთ-ერთი – ა. ქაროსანიძე დაბრუნდა და 1956წ. რეაბილიტაციისთვის საქმის ხელახალი განხილვის დროს მიცემულ ჩვენებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1937 წელს გამოძიების დროს მათი ე.წ. ჯგუფის მონაწილეებს სასურველი ჩვენების მისაღებად სასტიკად აწამებდნენ. ნათქვამი დაადასტურა რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების ექიმმა კუპრეიშვილმა.
დაპატიმრების დროს ს. ჯალაღანიას ჰყავდა სამი შვილი: მირიანი (გარდაიცვალა 1943წ.), ნაზი – 12 წლის (მომავალი ექიმი) და მიხეილი – 10 წლის (მომავალი ინჟინერი).
“დიდხანს გვქონდა მამის დაბრუნების იმედი. მე სისტემურად ვგზავნიდი განცხადებებს სათანადო ორგანოებში და ვითხოვდი ეცნობებინათ მისი ადგილსამყოფელი. პასუხად მწერდნენ – მამათქვენი ცოცხალია, გადასახლებულია შორეულ აღმოსავლეთში 10 წლით და წერილის მოწერის უფლება არა აქვსო…
1955 წლამდე ჩვენ რეპრესირებულთა საერთო ტრაგიკულ ბედს ვიზიარებდით, ვიდრე რეაბილიტაციის შესახებ უწყება არ მივიღეთ, მაგრამ ძნელი სათქმელია, მოგვიტანა თუ არა სიმშვიდე ამ ფაქტმა.
რამდენი უბედურება, რამდენი სიკვდილი, რამდენი ადამიანის გამრუდებული ბედი აიხსნა სულ რამდენიმე წინადადებით: „განაჩენი გამოტანილი იყო უსამართლოდ, ჯალაღანია უდანაშაულოა წაყენებულ ბრალდებაში.“
“თუმცა ერთი რამ მაინც მაქვს სანუგეშოდ – კიდევ კარგი, მამაჩემი მსხვერპლი იყო და არა მკვლელი…”
წყარო: რეპრესირებულთა ისტორიები – 1937-1938 ავთანდილ ქურხული, “…და რომ გვახსოვდეს”, თბილისი, 2004