ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, აქტიური მარკეტინგული კამპანია 2021 წელსაც გაგრძელდება.
პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „მალინოვა” განახორციელებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონურ მარკეტინგულ კომპანიას „„Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K“ შორის თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერა.
„2021 წელს, „მალინოვას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა ადგილობრივ მედია პლატფორმაზე კომპლექსურად განხორციელდება.
პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები გაიმართება; ქართული ღვინოები წარდგენილი იქნება ადგილობრივ საერთაშორისო კონკურსებზე, მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, მომზადდება საპრომოციო დოკუმენტური ფილმი ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე…“ – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. გასულ წელს, პოლონეთში 5 მლნ-ზე მეტი ბოთლის ექსპორტი და 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2020 წელს, პოლონეთმა 60 ექსპორტიორ ქვეყანას შორის მე-3 ადგილი დაიკავა.
ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია ასევე, აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.