შეძლებდით მაიკ ტაისონის დამარცხებას წინასწარი მომზადების გარეშე? სავარაუდოდ, არა. მაშინ რატომ მიდიან ადამიანები გასაუბრებაზე სათანადო უნარების გარეშე?
კვლევებმა აჩვენეს, რომ სწავლება, პრაქტიკა და უკუკავშირი სასარგებლო კომბინაციაა, როდესაც გასაუბრებისთვის მომზადებას ეხება საქმე. კითხვებზე პასუხის გაცემის უნარი ერთ – ერთი ყველაზე საჭირო რამაა ცხოვრებაში. საშუალოდ, ადამიანი საკუთარი ცხოვრების განმავლობაში 5-დან 15-მდე სამუშაო ადგილს იცვლის. შესაბამისად, გასაუბრება უმნიშვნელოვანესი ეტაპია სამსახურის ძებნისას. ნებისმიერმა შეცდომამ შესაძლოა, პოტენციური თანამდებობა დაგაკარგვინოთ. საჭიროა არა მხოლოდ აჩვენოთ საკუთარი პროფესიონალიზმი, არამედ გამოამჟღავნოთ კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი. დამსაქმებლები არ ეძებენ მხოლოდ სპეციალისტებს, რომლებიც სამუშაოს შესრულებას შეძლებენ – მათ სამუშაო კოლექტივის შემქნა სურთ. ამიტომ ძალიან საჭიროა იცოდეთ თუ როგორ უნდა გაიაროთ გასაუბრებას წარმატებულად.
გასაუბრების წარმატებით გასავლელად, მზადება ჯერ კიდევ სახლიდან უნდა დაიწყოთ.
შეისწავლეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ
ეს დაგეხმარებათ, უფრო მეტი იცოდეთ იმის შესახებ, თუ როგორ ტარდება გასაუბრება უშუალოდ იმ კომპანიაში, რომელშიც თქვენ გსურთ დასაქმება. გასაუბრებაზე წასვლამდე აუცილებლად შედით მის ვებგვერდზე და მოიძიეთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუკი ეს რეზიუმეს გაგზავნამდე არ გაგიკეთებიათ.
შეისწავლეთ თუ რითია დაკავებული კომპანია და რამდენია წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ ხელმძღვანელების სახელები, ეს შესაძლოა გამოგადგეთ. თუკი გასაუბრების დროს კომპანიის მუშაობის შესახებ თქვენს ცოდნას გამოამჟღავნებთ, ამით პოტენციურ დამსაქმებლებს მიანიშნებთ, რომ თქვენთვის სულერთი არ არის, სად იმუშავებთ და რომ თქვენი კარიერული მიზნები უშუალოდ ამ კომპანიას უკავშირდება. ეს ყოველთვის კარგად მოქმედებს.
გარდა ამისა, აუცილებლად წაიკითხეთ გამოხმაურებები ამ კომპანიის შესახებ. რასაც წაიკითხავთ, ყველაფერს მაშინვე ნუ დაიჯერებთ, მით უმეტეს – ნეგატიური კონტექსტის ინფორმაციას, მაგრამ გაითვალისწინეთ ყველაფერი და შემდგომ გასაუბრების პროცესში განიხილეთ.
მოამზადეთ ტანსაცმელი
ამ პუნქტს დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ. პირველი შთაბეჭდილება ვიზუალური იმიჯით იქმნება. რა თქმა უნდა, სტილის არჩევა დამოკიდებულია კომპანიის საქმიანობის სფეროზე და თანამდებობაზე, რომელსაც თქვენ უმიზნებთ, თუმცა მაინც არსებობს საერთო წესი: სუფთა ტანსაცმელი, დახურული ფეხსაცმელი, მინიმალური აქსესუარები და მოწესრიგებული ვარცხნილობა. ქალების შემთხვევაში, ფრჩხილების ლაქი და საქმიანი სტილის ჩანთაც დადებით როლს თამაშობს.
თუკი არჩევანში ყოყმანობთ, უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკურ შემთხვევას: კოსტიუმს, ჯემპრსა და შარვალს.
გასაუბრების დროს, ძირითადად, კანდიდატმა უნდა წარადგინოს თავი. ამისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ და სახლში კარგად ივარჯიშოთ. შეადგინეთ თქვენი ამბის ორი ვარიანტი: 3 და 5-წუთიანი.
საკუთარი თავის პრეზენტაციის დროს უნდა წარმოაჩინოთ:
1.თქვენი გათვითცნობიერება კომპანიის საქმიანობისა და უშუალოდ, თქვენთვის სასურველ პოზიციის კუთხით;
2.თქვენი მზაობა, შეასრულოთ დავალებები პროფესიონალურ დონეზე;
3.თქვენი სამუშაო გამოცდილება, რომელიც დაგეხმარებათ აღნიშნულ თანამდებობაზე;
4.თქვენი ცოდნა და უნარ–ჩვევები, რომლებსაც ეს ვაკანსია საჭიროებს;
5.თქვენი მიღწევები წინა სამსახურებში.
ასევე, ძალიან მნიშნველოვანია, დეტალურად ახსნათ მიზეზი, თუ რატომ ეძებთ ახალ სამსახურს და განმარტოთ, თუ რატომ მიგიზიდათ ამ კონკრეტულმა ვაკანსიამ.
ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ თქვენი პრეზენტაცია არ უნდა იყოს თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმეს ასლი. პრეზენტაცია დამსაქმებელზე დამატებითი შთაბეჭდილების მოხდენის შანსია. ასევე მნიშვნელოვანია, არ გააკრიტიკოთ წინა დამსაქმებელი და თანამშრომლები, გაამახვილეთ ყურადღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც სამსახურს ეხება. დამსაქმებლის თხოვნა – მოჰყვეთ საკუთარი თავის შესახებ – სულაც არ ნიშნავს, ჩაუღრმავდეთ თქვენს ცხოვრებასა და ოჯახს, შინაურ ცხოველებსა თუ პოლიტიკურ შეხედულებებს.
ეს შეცდომები არ უნდა დაუშვათ.
არ მიხვიდეთ გასაუბრებაზე მეგობრების, შვილების, მშობლებისა თუ სხვა ადამიანების თანხლებით.
და კიდევ ერთი… არცერთი შეკითხვისას არ „გადაამისამართოთ“ დამსაქმებელი თქვენს რეზიუმესთან, მიუხედავად იმისა, გიწერიათ თუ არა იქ ამ კითხვაზე პასუხი. ნუ ისაუბრეთ ბევრს. გაეცით ღია პასუხი, მაგრამ ყველაფერს ნუ მოიცავთ.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, მაღალი ალბათობით, გასაუბრებას წარმატებით გაართმევთ თავს. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მალე ახალ სამსახურში პირველი დღისთვის მოგიწევთ მზადება. როგორი უნდა იყოს პირველი დღე ახალ სამსახურში? – ამაზე შემდეგ სტატიაში გიამბობთ.