წარმოიდგინეთ, მეგობრების შეკრების ჩვეულებრივი საღამო, სახლში ან ვერანდაზე – სურვილისა და გემოვნების შესაბამისად, ცალ-ცალკე ისმება ღვინო, შამპანური, ვისკი ან სულაც ლუდი და ტიპური საუბრების პარალელურად, ქვეყნის ამბები, პოლიტიკური კრიზისი და ვაქცინაციაც გაირჩევა. ერთი შეხედვით, არც არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ასეთ “ჩვეულებრივ” შეკრებასაც შეიძლება ჰქონდეს არაჩვეულებრივი ელფერი, თუკი კარებზე, რომელიც სტუმრობამდე გააღეთ, დიდი ასოებით ეწერა, რომ მოხარულები არიან თქვენი სტუმრობით, ან რომ ეს ვინმეს თბილი სახლია და ახლა ამ სითბოს გასაზიარებლად მიგიწვიათ. შეიძლება, ჭიქები, რომლებშიც ათასგვარი სასმელი ასხია, უცებ ქართველი პოეტის ლექსიან სადგამზე აღმოჩნდნენ და თავისი თემატურობით ცოტათი მაინც გაგაღიმონ.
"_ არაყი? _ ლუდი... _ ერთი? _ ერთი... _ინებეთ! _ გმადლობ ვჯდები კუთხეში... გარეთ წვიმს... გნატრობ..."
მყუდრო და თბილი გარემოს შექმნა, ალბათ, ნებისმიერი ტიპის ინტერიერის გამოწვევაა, მით უფრო, სახლის, რომელიც ერთგვარად მისი მეპატრონის ანარეკლია – როგორ სახლშიც ცხოვრობ, ალბათ, გარკვეულწილად ისეთიც ხარ. და თუკი ჭეშმარიტება დეტალებშია, აქვე შეგვიძლია ვეძებოთ ერთდროულად სილამაზე, ინდივიდუალურობა, სიმყუდროვე და სითბოც. დეტალებმა, შეიძლება, მოყვნენ ამბები თქვენი სახლის, ოფისის, აივნისა თუ ვერანდის შესახებ, პირველივე ნაბიჯებიდან განაწყონ სტუმრები დადებითად და გაუზიარონ მასპინძლის ემოცია.
დღეს 2 ქალის წამოწყებაზე გიყვებით…
“13 ვარ” – ასე ჰქვია სულ ახლახან შექმნილ ბრენდს, რომელიც პატარა დეტალებით სახლების იდილიას ქმნის. აბრები, დაფები, ჭიქის სადგამები და სხვა ყოველდღიური მოხმარებისა თუ დეკორატიული ნივთები, რომლებსაც, ერთი შეხედვით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, საკოსა და თათასთვის სწორედ ასეთი დეტალებია.
ამ დეტალებს კი, უკვე თითქმის სამი თვეა, ნებისმიერ მსურველს უზიარებენ.
სამი თვის წინ ორმა მეგობარმა, საკო კოჭლამაზაშვილმა და თათა ცირდავამ, ახალი საქმიანობა წამოიწყეს იდეიდან, რომელიც სრულიად შემთხვევით მოვიდა:
საკო კოჭლამაზაშვილი: “ფაქტობრივად, ყველაფერი თავისთავად მოხდა, მაშინ როცა ნივთების მზადება დავიწყე, აზრადაც არ მქონია, რომ ძალიან მალე საქმიანობად იქცეოდა. პირველად ჩემი ვერანდის აბრა დავამზადე, წარწერით – “საკოსთან ვერანდაზე”, როცა ჩემი მეგობრების დიდი მოწონება დაიმსახურა, უკვე თათასთვის შევქმენი, რამდენიმე აბრა. შემდეგ გაგვიჩნდა იდეა, რატომ არ შეიძლებოდა ჩვენი ნამუშევრები სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა.”
პირველი, ვისაც ნამუშევრები გაუზიარეს, მათი მეგობრები იყვნენ, შემდეგ გაცილებით ფართო აუდიტორიისთვის დაიწყეს ფიქრი და დადებითმა გამოხმაურებამაც არ დააყოვნა – მიუხედავად იმისა, რომ “13 ვარ” სოციალურ სივრცეში არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა, უკვე მოახერხა ყურადღება და მოწონება დაემსახურებინა.
თათა ცირდავა: “25 დეკემბერს გამოვუშვით პირველი ნივთები საახალწლო თემატიკაზე და ჩვენდა გასაოცრად, ძალიან კარგი გამოხმაურებაც მივიღეთ. მას შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანის სახლში დავიდეთ ბინა. გვიხარია, რომ ნებისმიერ მსურველს ვეხმარებით თბილი, მყუდრო და რაც მთავარია, ინდივიდუალური გარემოს შექმნაში. გარდა იმ დიზაინებისა, რომლებსაც ჩვენ თავად ვთავაზობთ მომხმარებელს, შეგვიძლია აბსოლუტურად მოვერგოთ მათ სურვილებს.”
“13 ვარ შენთვის” – კომპანიის სლოგანიც სწორედ ამ დატვირთვას ატარებს, კიდევ ერთხელ შეახსენოს ყველას, რომ აქ ნებისმიერი პროდუქტი მხოლოდ და მხოლოდ მომხამარებლისათვის იქმნება და სრულადაა მასზე ორიენტურებული.
ნივთები, რომლებიც საკოს დიზაინით იქმნება, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მსურველამდე აღწევს.
საკოს დიზაინს თათას ხელწერა ერთვის – ნივთებზე დატანილი ყველა წარწერა ხელით იქმნება, შემდეგ ციფრულდება და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ზედაპირებზე გადადის. ასე მზადდება ნივთები, რომელსაც ყველა მფლობელთან მოაქვთ ხან ახალი წლის, გაზაფხულის, სიყვარულის, ხანაც უბრალოდ ჭიქა ღვინისა თუ ყავის მირთმევის განწყობა.
საკო და თათა სოციალურ ქსელებსაც თავად მართავენ, როგორც ამბობენ, მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციის დამყარება ეხმარებათ, უკეთ გაიგონ მათი სურვილები.
თათა: “ვინაიდან საკო პროფესიით გრაფიკული დიზაინერია, მისთვის ეს სფერო ნამდვილად არაა უცხო, ფაქტობრივად თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. რაც შეეხება შედარებით პრაგმატულ ნაწილს, შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე ჩემი ბუნებრივი გარემო და სფეროა, რომელშიც 12 წელია ვარ, შესაბამისად, ვფიქრობთ, შესანიშნავი ტანდემი შედგა – ვავსებთ ერთმანეთს.”
პარტნიორებად ქცეული მეგობრების იდეები ამოუწურავია, გეგმებში კი მაქსიმალურად ბევრი მათგანის შესრულება შედის. “13 ვარ”-ის პროდუქციას სულ ახლახან ბლოკნოტებიც დაემატა, სხვა სიახლეებს საკო და თათა ჯერჯერობით საიდუმლოდ იტოვებენ და სასიამოვნო სიურპრიზებს გვპირდებიან.
საკოს იღბლიანი რიცხვი – 13, კომპანიისთვისაც იღბლის მომტანი აღმოჩნდა – საქმემ წარმატებული სტარტი აიღო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია – “13 ვარ”-ის ამბავი ჯერ მხოლოდ ახლა იწყება.
ავტორი : თამუნა ზარანდია