სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, 2021 წლის 3 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, კორეის ფონდის გალერეაში გამოფენა “საქართველო – მეღვინეობის აკვანი” მოეწყობა
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტონიმუშები, საქართველოს ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობის ნიმუშები, მარნის, ქვევრის და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნამუშევრები, ასევე ეროვნული მუზეუმის უნიკალური ფოტო არქივი, რაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ საქართველოში ღვინის დამზადების 8 000 წლიან უწყვეტ ტრადიციას.
ქართული ღვინის უნიკალური ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში, კორეის ფონდის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმი-ს მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე,დავით ტყემალაძე აღნიშნავს, კორეაში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.
სამხრეთ კორეა, მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა და ქართული ღვინის პრიორიტეტული ბაზარია.
2020 წელს საქართველოდან სამხრეთ კორეაში 90 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 353%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებს.
გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ კიდევ უფრო გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობასა და საექსპორტო პოტენციალს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ უმნიშვნელოვანეს ღვინის ბაზარზე.