“ODA Hause” – პირველი ქართული რესტორანი მანჰეტენზე 2013 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ამერიკელების, ამერიკის სტუმარი ქართველებისა და უცხოელების თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა. ადგილად, სადაც ყოველთვის ერთდროულად ტრიალებს გემრიელი კერძებისა და საქართველოს არომატი, სადაც ყოველი კერძი ხელოვნებისა და ქართული გასტრონომიული კულტურის ნიმუშია. თუმცა, რესტორნის ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო და გზა “ამერიკული ოცნების” ახდენამდე ადვილი სულაც არ ყოფილა.
ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როცა სამშობლოში წარმატებულმა პლასტიკურმა ქირურგმა, მაია დვალაძემ, ბევრი ემიგრანტის მსგავსად, თვითმფრინავით ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა და უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით, ახალი ცხოვრება შორეულ ამერიკაში დაიწყო.
“ეს გადაწყვეტილება იოლი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გარკვეული გადაწყვეტილების მიღება უწევს. უწევს დათმოს ყველფერი, რაც წლების განმავლობაში უშენებია და ყველაფერი ხელახლა, ნულიდან დაიწყოს – ჩემს შემთხვევაში “მსხვერპლი” ძალიან დიდი იყო. საქართველოში დავტოვე ოჯახი, საკუთარი საქმე და რაც ყველაზე მთავარია, წლინახევრის შვილი, ჩავალაგე ბარგი და წარმატებულ ქირურგს, რომელმაც 25 სექტემბერს ბოლო ოპერაცია ჩავატარე, ამავე თვის 30 რიცხვში უკვე “მომვლელი” მერქვა. მაშინ ეს ჩემთვის მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ ახლა, წლების შემდეგ ზუსტად ვიცი, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება და ქვეყანა, რომელსაც მანამდე რამდენიმეჯერ სხვადასხვა მიზნით ვესტუმრე, თუმცა არც ერთხელ არ დავრჩი, სულ სხვა თავგადასავალს მიმზადებდა. მართალია, რომ ის, რაც არ გკლავს, გაძლიერებს – ბევრი რამე გადავაფასე და, ფაქტობრივად, სულ სხვა ადამიანი გავხდი.”
თავგადასავლები მალევე არ დაწყებულა და არც წარმატება მოსულა იოლად, 2009 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა საკუთარი გავლენა იქონია და ამერიკულ ოჯახში მისი მუშაობის ის დღეები, რომლებსაც დიდ კალენდარზე წითელი მარკერით ხაზავდა, დასრულდა. შემდეგ იყო “უმუშევრის სტატუსი” და ახალი საქმიანობების ძიება.
“სულ ვფიქრობდი, თუ რატომ ვიყავი აქ ადამიანი, რომელსაც საქართველოში, ფაქტობრივად, ყველაფერი მქონდა. მჯეროდა და მჯერა, რომ ეს ყველაფერი რაღაცისთვის ხდებოდა. ჩემთვის საკრალული ეს ადგილი, სადაც მანამდე 7-ჯერ ჩავედი და არ დავრჩი, სულ სხვა საქმისთვის მამზადებდა – თუმცა ეს საქმე საკმაოდ გვიან მოვიდა.
პირველი სამსახურის დასრულების შემდეგ, ერთ ოჯახში პირადი შეფი ვიყავი და კვირაში სამჯერ, ოჯახური შეკრებისთვის კერძებს ვუმზადებდი. კულინარია ბავშვობიდან მაინტერესებდა, 7 წლის ვიყავი პირველი ნამცხვარი რომ გამოვაცხვე დამოუკიდებლად.
შემდეგ ჩემს მეგობარს მისი იუბილისათვის ჩემივე შექმნილი რეცეპტით ტორტი გამოვუცხვე. მეორე დღიდანვე დაიწყო ზარები ჩემს ტელეფონზე, რომ გასინჯეს ნამცხვარი და შეკვეთა სურდათ. დავიწყე სახლში ცხობა და შეკვეთების მიღება. გადავწყვიტე რომ ამ სფეროში მომეძებნა სამსახური, თუმცა პოტენციურ დამსაქმებლებს სულ ჰქონდათ სკეპტიკური დამოკიდებულება ჩემი პროფესიის გამო. ვიფიქრე, გინდათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი? – მიიღებთ, ჩავაბარე კულინარიის აკადემიაში და გავხდი პროფესიონალი შეფი”.
2012 წელს, აკადემიის დასრულების შემდეგ, პირველი სამსახური პროფესიონალი შეფის რანგში ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ რუსულ რესტორანში დაიწყო, სადაც შეფის საფირმო კერძად ყოველთვის ქართული კულინარიის განსაკუთრებულ ნიმუშებს ამზადებდა და ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებდა. როგორც გაყიდვების სტატისტიკამ აჩვენა, მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა არჩევანს სწორედ ქართულ კერძებზე აჩერებდა. სწორედ ამ ფაქტმა უბიძგა, ეფიქრა საკუთარი რესტორნის გახსნაზე.
2013 წელს გადაწყვიტა, ერთ-ერთ ტიპურ განცხადებას გამოხმაურებოდა და ბიზნესმენი, რომელიც მანჰეტენზე საკუთარ ბიზნესს ჰყიდდა, პარტნიორობაზე დაეთანხმებინა:
“ჩემი პირველი პარტნიორი იტალიელი იყო, როგორც თავად ამბობდა, მისი დიდი ბებია-ბაბუა წარმოშობით ქართველები, შემდეგ კი ირანში გაყიდულები იყვნენ. ეს ადამიანი ყიდდა ყველაფერს, არანაირ პარტნიორობაზე საუბარი მანამდე არ ყოფილა, მე კი, რა თქმა უნდა, შესაძენი თანხა არ გამაჩნდა და იმ განზრახვითა და ნატვრით მივდიოდი, რომ როგორმე პარტნიორობაზე დამეთანხმებინა. ფაქტობრივად, მოხდა სასწაული – მან თავადვე განმიცხადა, რომ რესტორანს აღარ ჰყიდდა და თავადვე შემომთავაზა, ეს საქმე ერთად გვეკეთებინა.”
2013 წლის 5 მაისს, აღდგომის დღესასწაულზე, მანჰეტენზე პირველი ქართული რესტორანი ODA hause, ქართული წარმომავლობის იტალიელ პარტნიორთან ერთად, გახსნა.
“პირველ დღეს სრული ფურორი გვქონდა, თუმცა მეორე დღეს რესტორნის შემოსავალმა სულ რაღაც 26 დოლარი შეადგინა, მაშინ დავპირდი საკუთარ თავსა და თანამშრომლებს, რომ ამ საქმეს აუცილებლად წარმატებად ვაქცევდი. 2 კვირაში უკვე გამოცემები წერდნენ ჩვენი რესტორნის შესახებ – ყველას, ვინც ჩემს საქმიანობას სკეპტიკურად უყურებდა, დავუმტკიცე, რომ მე არ ვცდებოდი და ეს იყო ის, რაც უნდა მეკეთებინა.”
საქმე, რომელიც აბსოლუტური ნულიდან, ყოველგვარი სასტარტო კაპიტალის გარეშე დაიწყო, მართლაც წარმატებული აღმოჩნდა. შემდეგ კი იყო დიდი აღიარება, კუთვნილი ადგილი “მიშლენის მეგზურში” და მსოფლიოში ცნობილი ამერიკული გამოცემების – wall street journal-ის, new york magazine-ის, new york times-ის სტატიები, ბევრი ცნობილი თუ არაცნობილი და პატივსაცემი სტუმარი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ODA hause-მა მანჰეტენს ახალი, განსხვავებული და განსაკუთრებული გემო აჩუქა და ქართული კულინარიის საოცარი სამყარო კიდევ უფრო მეტი უცხოელისათვის გახადა ცნობილი.
8 წელია, არსებობს “ოდა” და 8 წელია, მისი თითოეული სტუმარი აქ “სახლში დადის” – რესტორნის სახელის დატვირთვაც სწორედ ეს გახლავთ:
“წარმოშობით რაჭველი ვარ, ჩემი ბებია რაჭულ ხის სახლს ოდას ეძახდა და ეს სიტყვა იყო ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი – სახლის, კერისა და მონატრებული სამშობლოს სიმბოლო. ვფიქრობ, ამ სიტყვის დატვირთვა რესტორნის ენერგეტიკაზეც გადავიდა და ის ნამდვილად იქცა სამშობლოს მონატრებული ადამიანებისათვის ნოსტალგიის გასაქარვებელ ადგილად.”
მაია დვალაძე უკვე თითქმის ოთხი წელია, საქმიანობას ქართველ პარტნიორებთან ერთად აგრძელებს და როგორ თავად ამბობს, მათი შემთხვევა კომფორტული და ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითია. “ოდაში” თანამშრომელთა უდიდეს ნაწილსაც ქართველები შეადგენენ:
“ქართველ თანამშრომლებთან ერთად, მყავს მექსიკელი შეფი, რომელიც ჯერ კიდევ პირველი ნაბიჯებიდან მოყოლებული არის ჩემ გვერდით და ისე ამზადებს ქართულ კერძებს, ხშირად მიწევს კითხვის დასმა, კონკრეტული კერძი მან მოამზადა თუ მე – აბსოლუტურად შეისისხლხორცა ქართული სამზარეულო.”
პროფესიონალი გუნდის დაუღალავმა შრომამ ოდა კუთვნილ წარმატებამდე მიიყვანა და ასე იქცა რესტორანი ყოფილი თუ მოქმედი პრეზიდენტებისა და მსოფლიო დონის ვარსკვლავების საყვარელ ადგილად. თუმცა, თავად მაიას სტუმრების განსაკუთრებულობაზე ხაზგასმა უჭირს და ამბობს, რომ მისთვის ყველა სტუმარი თანაბრად მნიშვნელოვანი და პატივსაცემია, ფავორიტები ნამდვილად არ ჰყავს. თავად სტუმრების ფავორიტი კი თურმე აჭარული ხაჭაპურია.
“ოდაში ყველა კერძი ჩემი რეცეპტითაა, რომელიც, თავის მხრივ, ოჯახისგან მერგო და მერე მე შევიძინე ჩემებური ელემენტები. გვაქვს აბსოლუტურად ჩემი რეცეპტით შექმნილი ნამცხვრები, მათ შორის, ანანასის ტორტი, რომელმაც კულინარიაში “მომნათლა” და ტორტი “მარიამი”, რომელიც ჩემს ქალიშვილს 13 წლის იუბილეზე მივუძღვენი. ჩვენთან ალკოჰოლური სასმელებიც კი მხოლოდ ქართულია, ვფიქრობ, ასე ვინარჩუნებთ ავთენტურობას.”
მიუხედავად პანდემიისა, რესტორანი, რომელმაც მანჰეტენს ახალი გემო აჩუქა, კვლავ ახერხებს იყოს ქართული გასტრონომიული კულტურის ელჩი, გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს და გაფართოებაზეც იფიქროს – “დედა ოდას შვილი ოდები უნდა ეყოლოს”
ავტორი: თამუნა ზარანდია