,,მეგაპოლისიდან  სოფლად დავბრუნდები, იქ სადაც ყველაზე უკეთ ვსუნთქავ და ბედნიერი ვარ“

ინა სანიძემ ცხოვრების დიდი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა. მუდმივად უწევს ფიქრი შინ დაბრუნებაზე. შინ, სადაც  ,,თავისუფლად სუნთქავს და პრობლემების მიუხედავად, ბედნიერია…“ ქართული დიასპორული ორგანიზაცია ,,დიასპორის სახლის“ პრეზიდენტი დღეს აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს.

 

ბავშვობა ემიგრაციაში…

პატარა იყო, როდესაც მშობლებთან ერთად, რუსეთში გაემგზავრა. 21 წლისა სამშობლოში დაბრუნდა. მერე იყო სწავლა უნივერსიტეტში, ლაღი სტუდენტობა და ბედნიერი პირადი ცხოვრება, რომელიც მალე დასრულდა… ახალგაზრდა მეუღლე ერთი გასროლით მოუკლეს და აქედან ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული დღეები დაიწყო. პატარა ვაჟთან ერთად, მარტო დარჩა. მძიმე ცხოვრების მიუხედავად, უკან არასდროს დაუხევია, მიდიოდა წინ და დღემდე ასეა. 2006 წელს ემიგრაციაში მეორედ მოხვდა…

,,შეიძლება ითქვას, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ემიგრაციაში ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ, საქართველოში დავბრუნდი. მოგვიანებით ისევ წასვლა მომიწია, ისევ დავბრუნდი და ახლა კვლავ ემიგრანტი ვარ. ეს ურთულესი ხვედრია.

რუსეთში ყოფნისას სულ ვოცნებობდი, როდის დადგებოდა დაბრუნების დღე. ჩამოვფრინდებოდი, ვემთხვეოდი მიწას და ჩავისუნთქავდი ჩვენებურ ჰაერს. ეს განცდა დღემდე არ მტოვებს. გამომგზავრებამდე 2-3 თვით ადრე, უკვე შინაგან დაძაბულობას ვგრძნობ და ვღელავ. ვერაფრით ვხვდები, ახალ დაბრუნებულებს თვალი ისევ უცხოეთზე რომ უჭირავთ და კითხულობენ –  ,,აქ რა გაჩერებთ“? მუდმივად დაძაბული სიტუაციის თუ გაჭირვების მიუხედავად, ბედნიერი მხოლოდ საქართველოში ვარ. საქართველოს გარდა, თავს საკუთარ სახლში ვერსად ვიგრძნობ,” – ამბობს ინა ასანიძე.

,,მე დავბრუნდები“

,,ემიგრაციიდან მეორედ დაბრუნება უბედურ შემთხვევას დაემთხვა. ავარიაში მოვყევი, თვეები ვიყავი პარალიზებული. გარკვეული ხანი საქართველოში დავრჩი. აქტიურად ჩავერთე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. ვიყავი საკანონმდებლო ორგანოში. პარალელურად ემიგრანტულ ამბებზე ვმუშაობდი და ვახორციელებდი პროექტებს. 2012 წელს მეგობრებთან ერთად, ჩამოვაყალიბე ორგანიზაცია ,,მე დავბრუნდები“. შემდეგ გაურკვეველმა ინციდენტმა და აბსურდულმა ცილისწამებამ მიბიძგა კვლავ ემიგრაციაში დავბრუნებულიყავი. მართალია, არავის უთქვამს დამეტოვებინა მანდატი (დღესაც პარტიის წევრი ვარ), მაგრამ მე მაინც მივიღე გადაწყვეტილება. გული მეტკინა… როდესაც შენს თითოეულ ამომრჩეველზე ღელავ და საქმეს უანგაროდ აკეთებ, არასდროს გიღალატია  ქვეყნისთვის და პრინციპებისთვის, რთულია უსამართლობას გაუძლო.“

ინა ასანიძემ დეპუტატის მანდატი 2 წლის წინ დატოვა და ემიგრაციაში დაბრუნდა. ის ახლა აშშ-ში ცხოვრობს და სამშობლოში განვითარებულ მოვლენებს შორიდან ადევნებს თვალს. ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ასე უკეთესია.

პროექტი „წარმატებული ემიგრანტი ქალი“

,,დედაჩემს რუსეთში ყოფნისას ,,ციმბირელი დედა“ შეარქვეს. იმ პერიოდში,  მოსკოვიდან ციმბირში ,,გადავცხოვრდით“, ჩვენს მახლობლად, უამრავი ქართველი სტუდენტი სწავლობდა. დედა ყველას ეხმარებოდა, სახლში მოჰყავდა, უცხო ქვეყანაში უდედობა რომ არ ეგრძნოთ…“

პროექტი „წარმატებული ემიგრანტი ქალი“ დედის ხსოვნას მიუძღვნა. ,,დიდ ემიგრაციაში“ წასვლის შემდეგ, ბევრჯერ დაინახა ქართველი ქალის სიძლიერე. თუ როგორ შეუძლიათ რამდენიმე ოჯახს ემსახურონ და პარალელურად, ჩუმად აკეთონ ქართული საქმე. ხშირად დამდგარა რთული არჩევანის წინაშე, ვინ დაიმსახურებდა ჯილდოს. თავდაპირველად აქცენტი საკვირაო სკოლის პედაგოგებზე გაკეთდა, ვინც მომავალ თაობებს უანგაროდ ზრდიან. ნელ-ნელა არეალი გაფართოვდა, სხვადასხვა სფეროს გადასწვდა და დღეს უკვე განახლებულ პროექტში, რომელსაც სახელად ,,წარმატებული ემიგრანტები’’ ჰქვია, მამაკაცებიც ჯილდოვდებიან. 2021 წლის ბოლოს, მორიგი დაჯილდოება გაიმართება. პროექტის საიუბილეო თარიღი (5 წლისთავი) პანდემიის თემას და ახალ გმირებს მიეძღვნება.

,,პანდემია ჯერ არ დაწყებულა, ნიუ-იორკში ბრაიტონზე ვარ და უცებ მესმის რუსების საუბარი – ,,Смотрите он человек от бога, он врач от бога“. გაჩერებული ჰყავთ ადამიანი, ლოცავენ და ადიდებენ. შემოესიათ გარშემო ხალხი. მოწიწებით ვიკითხე ვის აქებდნენ. აღმოჩნდა ქართველი ებრაელი, უძლიერესი ონკო-ქირურგი, პროფესორი მერაბ კრიხელი. როდესაც სიას ვადგენდით წარმატებულ ადამიანებზე. მასზე არაერთხელ მოსულა სარეკომენდაციო წერილი. როდესაც ეს ვუთხარი, იმდენად მორიდებული ადამიანი აღმოჩნდა, გაუკვირდა რითი უნდა დაემსახურებინა ხალხის ასეთი სიყვარული და წარმატებული ადამიანის ჯილდო. სიხარულს ვერ მალავდა.

ხშირად მომისმენია კრიტიკა, ამდენ წარმატებულ ადამიანში, რის მიხედვით ვარჩევთ და ვაჯილდოვებთ ხალხს? ეს დიდი, შრომატევადი პროცესია და მარტივი არ არის საუკეთესოს გამორჩევა.“

 

,,დიასპორის სახლიდან“ კრიზისცენტრამდე

,,დიასპორის სახლი“ 3 წლის წინ, თანამოაზარეებთან ერთად ჩამოაყალიბა და ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა მოიცვა. მალე ორგანიზაციას ახალი წარმომადგენლობები შეემატება კანადასა და უნგრეთში. ამ პერიოდის მანძილზე, ,,დიასპორის სახლმა“ არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. 2004 წლიდან სამყარო აღნიშნავს ,,მსოფლიო მიგრაციის დღეს“. ამ მოვლენას ქართული დიასპორული ორგანიზაციაც შეურთდა და ყოველ წელს ღონისძიებებით აღნიშნავს. გასულ წელს, დიასპორის სახლის ორგანიზებით ნიუ-იორკში, მასშტაბური საღამო მოეწყო, რომელსაც 6 ქვეყნიდან ქართული დიასპორული ორგანიზაციები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინა ასანიძემ პანდემიის დაწყებისთანავე მოახდინა სწრაფი რეაგირება და პარტნიორებთან ერთად, შექმნა კრიზისჯგუფები ჯერ ევროპასა და შემდეგ ამერიკაში. ურთულეს პერიოდში, ემიგრანტების ერთობამ უამრავი საქართველოს მოქალაქე გადაარჩინა. 24 საათიან რეჟიმში ისინი მუდმივად ხაზზე იყვნენ და შრომობდნენ. კრიზისის ცენტრის ფეისბუქ ჯგუფში, ცხელ ხაზსა თუ პირად ტელეფონებზე სასოწარკვეთილი ადამიანების ზარები არ წყდებოდა და ისინიც ოპერატიულად ახერხებდნენ დახმარებას. მალევე ორგანიზაციებთან ერთად, კრიზისის ცენტრების საქმიანობაში ჩაერთო ექიმთა ჯგუფიც, რომელიც დაზარალებულებს დისტანციურად უწევდა კონსულტაციებს. ,,დიასპორის სახლი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან, ექიმებთან და მოხალისეებთან ერთად, დღემდე აგრძელებს ამ მიმართულებით საქმიანობას და ემიგრანტებს ეხმარება.

ემიგრაციაში დაკარგული თაობა

დედის მსგავსად, ერთადერთი ვაჟიც ემიგრანტია. ესპანეთში ცხოვრობს. ინა ასანიძისთვის განაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც ახალგაზრდების უმეტესობა ქვეყანას ტოვებს და უკან დაბრუნებაზე აღარ ფიქრობს.

,,ემიგრაციაში დაკარგული თაობის თემა განსაკუთრებით მტკივა. ორასი ათასზე მეტი ქართველი ბავშვი გაჩნდა უცხოეთში და სამწუხაროდ მათი ნაწილი საქართველოსთვის დაკარგულია. მტკივნეულია ისიც, როდესაც უამრავი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას და შემდეგ უკან აღარ ბრუნდება. ეს პროცესები დღეს და გუშინ არ დაწყებულა, მრავალი წელია ახალგაზრდების ნაკადის გადინება ხდება ქვეყნიდან. ვფიქრობ, თუ მიეცემათ საშუალება, ბევრი მათგანი დაბრუნდება. ვცდილობ, ჩემს ორგანიზაციაში ბევრი ახალგაზრდა იყოს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ,,დიასპორის სახლის“  წარმომადგენლად უნგრეთში დავასახელეთ ძალიან კარგი ადამიანი თაკო ჯაფარიძე. მიხარია, რომ ის აღმოვაჩინე. მალე კანადაშიც შეგვემატება წარმომადგენლობა, გვექნება პრეზენტაციაც. იქ 4 არაჩვეულებრივი გოგონა, დები იქნებიან ჩვენი გუნდის წევრები. ნიჭიერები არიან, ფლობენ რამდენიმე ენას და შეძლებენ ღირსეულად გაუძღვნენ საქმეს. მჯერა, ახალგაზრდების სამშობლოში დაბრუნებას ხელს შეუწყობენ.“

ბავშვობის ქალაქი და ცხოვრება სოფლად

,,ჭიათურაში ბავშვობის ნაწილი გავატარე. ეს ქალაქი სიგიჟემდე მიყვარს. მგონია, ჩემს სოფელ მერევში ყველაზე კარგი ჰაერია და ყველაზე უკეთ ვსუნთქავ. დღემდე, როდესაც დავადგები ხოლმე მისკენ მიმავალ გზას (არის ერთი ადგილი, სადაც ფილმ ,,შერეკილების“ სცენებია გადაღებული) ვაჩერებ მანქანას და ბედნიერებისგან ხმამაღლა ვყვირი, ცრემლებს ვერ ვიკავებ სიხარულით…“

მშობლიური კუთხის დარდი თან დაჰყვება. მეგობრებთან ერთად, პატრონაჟი აიღო რამდენიმე ოჯახზე და მათზე მუდმივად ზრუნავს. ამომრჩევლებთანაც არ წყვეტს კავშირს და შეძლებისდაგვარად ეხმარება. ამბობს, რომ ,,სიკეთის კეთება დიდი მოტივაციაა ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე“ და ბედნიერია, როდესაც ამის საშუალება ეძლევა.

ემიგრაციაში დიდხანს ყოფნას არ აპირებს. საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება. დაბრუნების შემდეგ კი, სოფლად დასახლდება, სადაც მეურნეობას წამოიწყებს და საკუთარ პროდუქტს შექმნის. ამას ურჩევს სხვა ემიგრანტებსაც, მათ ვისაც შრომა არ ეზარებათ და საკუთარი ქვეყანა უყვართ…

ავტორი: ანანო ლებანიძე