2021 წლის 22 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით შვედეთის დედაქალქ სტოკჰოლმში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო რეიტინგული სიის ყველაზე წარმომადგენლობითი შემადგენლობა.
თითქმის ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ისევ ვიხილავთ საინტერესო სანახაობას, რომელსაც ორმაგი დატვირთვა ექნება. სწორედ ამ ჩემპიონატზე განაწილდება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები.
დასრულდა ეროვნული ფედერაციების მიერ გუნდების ფორმირება და წარდგენა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად.
მამაკაცთა კატეგორიაში მონაწილეობას მიიღებს 27 ქვეყნის 34 სპორტსმენი, ქალთა სეგმენტში 35 ქვეყნის 42 მოციგურავე, სპორტული წყვილებიდან 18 ქვეყნის 26 და სპორტულ ცეკვებში 25 ქვეყნის 33 წყვილი.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ინფორმაციით, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს წარადგენენ: მორის ყვითელაშვილი ( კაცები), ალინა ურუშაძე ( ქალები), ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი ( სპორტული წყვილები), რაც შეეხება მოცეკვავე წყვილს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას, მათ ოლიმპიური ლიცენზიებისათვის ბრძოლა, გიორგის ტრამვის გამო, მოუწევთ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც სექტემბერში გერმანიის ქალაქ ობერზდორფში გაიმართება.
მსოფლიოზე მამაკაცთა კატეგორიაში იმსაჯებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი საქართველოდან სალომე ჩიგოგიძე.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შვედეთის მთავრობისა და საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი გაიმართება მაყურებლების გარეშე.