ბათუმის ახალი სტადიონი StadiumDB-ს ათ ფინალისტს შორისაა

ბათუმის ახალი სტადიონი ბრიტანული პორტალი StadiumDB-ს ტრადიციულ გამოკითხვაში მოხვდა. ამ გამოკითხვის მიზანი გასულ წელს აშენებული მსოფლიოს საუკეთესო სპორტული არენის გამოვლენაა.

გამოკითხვაში 20 სტადიონის მონაცემია შესული. საუკეთესო სტადიონი ორ ეტაპად გამოვლინდება. თავიდან საკუთარ არჩევანს პროფესიონალური ჟიური აკეთებს, შემდეგ კი გულშემატკივრების გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.

1 მარტს ჟიურის წევრებმა კონკურსში მონაწილე 20 სტადიონიდან ათი ფინალისტი უკვე გამოავლინეს, 10 მარტისთვის კი ცნობილი გახდება, თუ რომელი სტადიონია ყველაზე საუკეთესო.

ბათუმის ახალი სტადიონი ათ ფინალისტს შორისაა.

კონკურსის საბოლოო გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად 10 მარტს გამოვლინდება, კენჭისყრაში მონაწილეობა თბილისის დროით 7 მარტს, 21:00 საათზე დასრულდება.

ბათუმის სტადიონი  თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერაა დაპროექტებული. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს.