დღეს სამი წარმატებული ადამიანის ამბავი გვინდა, გაგიზიაროთ. სამივეს ერთი რამ აერთიანებთ – წლების წინ მათ გადაწყვიტეს, რომ უკვე დრო იყო, საკუთარ ცხოვრებაში რაღაც შეეცვალათ, ამ ცვლილებებისკენ მიმავალმა გზამ კი, ისინი ქოუჩთან მიიყვანა.
მათი და ქოუჩების თანამშრომლობის შედეგი ასეთია: თავად ჩვენ ან ჩვენს რომელიმე ნაცნობს ერთხელ მაინც ჩამოგვიყვანია უცხოეთიდან საკუთარი ავტომობილი „გლობალ ავტო იმპორტის“ მეშვეობით, ან ერთხელ მაინც მიგვიმართავს დასახმარებლად კლინიკა „ულტრამედის“ სპეციალისტებისთვის, ან ერთხელ მაინც აუცილებლად გვიყიდია „ჭიტაში“ სათამაშო ჩვენი შვილისთვის.
მოკლედ, ეს ადამიანები დღეს ისეთ კომპანიებს ხელმძღვანელობენ, რომელთა პროდუქტსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იყენებეს.
და როგორია ქოუჩის როლი მათი საქმის წარმატებაში?
ვფიქრობ, რომ ქოუჩი და ქოუჩინგი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს როგორც ბიზნესის განვითარებაში, ასევე ცხოვრებისეული და კარიერული ზრდის პროცესში. მე მიმიმართავს ქოუჩისთვის, რადგან მჯერა, რომ თეორიულ ცოდნას უდიდესი ძალა აქვს, ხოლო ქოუჩი ამ ცოდნას მოკლე დროში გაძლევს. ის გაფიქრებს იმ მიმართულებებზე, რაზეც შესაძლოა, მანამდე არც გიფიქრია.
ქოუჩთან ურთიერთობამ თვითდაჯერებულობა და იმის რწმენა შემმატა, რომ რასაც ვაკეთებდი, აუცილებლად გამომივიდოდა. მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ღირებულ შედეგს მომცემდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრ რამეზე დავფიქრდი და ბევრ რამეზე ამეხილა თვალი.
მე დღესაც ვესწრები ქოუჩინგ სესიებს და ამას სამომავლოდაც გავაგრძელებ, რადგან ძალიან მიყვარს ჭკვიანი ხალხისგან რჩევების მოსმენა და მიღება. უამრავი მეგობარი მყავს, ვინც ბიზნესშია და ამ საკითხთან დაკავშირებით, მეტ-ნაკლებად ყველა ერთ აზრზე ვართ – ზოგადად, მცოდნე და ჭკვიან ხალხთან კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესი საკითხია მომავალი წარმატებისთვის.
ქოუჩთან და ფსიქოლოგთან ურთიერთობა, დაახლოებით, 12 წლის წინ დავიწყე. საკუთარი გამოცდილებით, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მას შემდეგ უფრო გამიმარტივდა საქმის წარმოება, ემოციების მართვა და შესაბამისად, წარმატებაც უფრო თვალსაჩინო გახდა.
ჩემ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმაც თვალნათლივ დაინახეს, რომ ბევრი სასიკეთო ცვლილები მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ამ კუთხით, თანამოაზრეებიც გამიჩნდა, ზოგისთვის მაგალითიც კი აღმოვჩნდი.
ჩემი კომპანია სექტემბერში 25 წლის ხდება. ბიზნესი ძალიან რთულ დროს დავიწყეთ – ეს იყო გარდამავალი პერიოდი კაპიტალიზმისკენ. ამ ხნის მანძილზე უამრავ სითულეს წავაწყდით, შესაბამისად, ბიზნესის შენარჩუნება ჩვენნაირ არასტაბილურ ქვეყანაში მარტივი არ არის. ყოველთვის დაძაბული ვიყავით. მართალია, ვშრომობდით, მაგრამ რაღაც მაინც გვაკლდა… ის, რაც ჩვენი საქმის კეთებით სიამოვნებას მოგვანიჭებდა.
ზუსტად ამ დროს ჩემმა მეგობარმა, თამარ საგინაშვილმა, რომელიც ახლა თავადაც არის ფსიქოლოგი და ჩემი საუკეთესო ქოუჩი, ჩემამდე მოიტანა ინფორმაცია, რომ საქართველოში შეიქმნა ნორბეკოვის აკადემია, რომელსაც ხათუნა მუზაშვილი ხელმძღვანელობდა. ძალიან დავინტერესდი და მას შემდეგ აქტიურად ვარ ჩართული ამ მიმართულებით, რასაც ჩემი გუნდიც იზიარებს. ჩვენ ერთად ვიყენებთ იმ მეთოდებსა და ტექნიკებს, რომლებიც საქმის წარმოებასა და ურთიერთობებში გვეხმარება. პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი ხათუნას, რადგან მაზიარა იმ ხელოვნებას, რასაც ქოუჩინგი ჰქვია.
დღესაც ონლაინ რეჟიმში ვიწერ უცხოელი ტრენერების ტრენინგებს. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ახალი საქმიანობაც დავიწყეთ: ბიზნესცენტრ „დრიმ თაუერში“ გავაკეთეთ საკონფერენციო დარბაზი შეხვედრებისთვის, ტრენინგებისთვის. ამ წამოწყებით, გადავწყვიტეთ, ადამიანებს ხელი შევუწყოთ საკუთარი წარმატების გზის მოძებნაში.
ვფიქრობ, რომ დღევანდელი სტრესული ცხოვრების ფონზე, ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს პირადი ქოუჩი თუ ფსიქოლოგი, რათა შეძლოს, მარტივად გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ გამოწვევებს. სასიამოვნოა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ უკეთესობისკენ იცვლება. ადამიანები, რომლებიც ქოუჩინგს ადრე ირონიულად უყურებდნენ, ახლა თავად არიან ჩართულნი ამ პროცესში. მათ შეცვალეს თავიანთი ცხოვრება, განიცადეს სერიოზული პროგრესი და დღეს უფრო პოზიტიური განწყობებით მართავენ საკუთარ საკუთარ საქმიან თუ პირად ცხოვრებას.
-ქოუჩები ადამიანებს გარკვეული მიზნების დასახვასა და საჭირო ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებიან. მე მსურდა, გამერკვია საკუთარი პოზიცია, გადამენაწილებინა ძალები და მიზნის მისაღწევი გზები მომეძებნა. ასევე, მინდოდა, უფრო ადვილად ჩამოვყალიბებულიყავი გარკვეულ საკითხებზე.
ქოუჩთან პირველად წლების წინ ვიყავი და შედეგი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. მან ჩემს პიროვნებაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. მქონდა გარკვეული კომპლექსები, რომლებიც უნდა დამემარცხებინა და გამომეკვეთა ლიდერული თვისებები, რაც ბიზნესის მართვას აუცილებლად სჭირდება. ასე რომ, ქოუჩმა როგორც პირადი, ისე საქმიანი ცხოვრების კუთხით, ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა.