ბადანტე – ასე მოიხსენიებენ იტალიაში სამუშაოდ წასული ქართველი ქალების უმრავლესობას. სინამდვილეში ბადანტეობა პოზიციაა, რომელზე მუშაობაც მათ უწევს. დამსაქმებლები ხშირად მათგან იმაზე მეტს მოითხოვენ, ვიდრე ერთ ადამიანს შეუძლია, აიტანოს. იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თეონა ჭანტურია წერს ბადანტეზე, ანუ ქალზე, რომელიც, იტალიელების აზრით, ყოვლისშემძლე უნდა იყოს.
“როცა ვერა ვწერ, ესე იგი რაღაც ძალიან მაწუხებს, უზომოდ მაწვალებს ბედისწერა, დაღლილობისგან ძალაგამოცლილი დავდივარ ხოლმე მარტო და ვფიქრობ, რა იქნება ხვალ? დავდივარ ამ უცხო ქვეყნის უცხო ქუჩებში და ეს უცხოობა მტკივა, ეს სიშორე ჩემი ოჯახისა, ჩემი ქვეყნისა, უზომოდ მაწამებს… რამდენს უძლებენ თურმე ქალები ემიგრაციაში!
“ბადანტე” იტალიური სიტყვაა და ქართულად ყოვლისშემძლეს ნიშნავსო!
არ დამავიწყდება, სადაც ვმუშაობდი, ოჯახმა იტალიურად წერის ცოდნა მომთხოვა, სახლში საჭირო პროდუქტების სია ჩამომიწერო უნდა ჩვენს ენაზეო, არ მაინტერესებს, დაჯექი და ტრანსლეიტით ისწავლეო!ჩამეცინა!სიმწრისგან გაღიმებას მივეჩვიე, ტირილი რომ არ ამივარდეს, ტორტები დაგვიცხოო უნდა და იუთუბიდან ყველა საუკეთესო კერძის დამზადება თავად უნდა ისწავლოო. რადგან თავად არც მიხსნიდნენ, როგორ მოსწონდათ ესა თუ ის ვერდურა თუ ხორცი მომზადებული.
ნემსის კეთება და სხვა სამედიცინო რიტუალები ხომ საერთოდ უნდა იცოდეს ქართველმა ბადანტემ, აბა რისი ყოვლისშემძლეა… აქ ვისწავლე ყველაფერი, დიაბეტის გასინჯვა, ნემსის კეთება. ალბათ, წასვლამდე სხვა ბევრ რამესაც კარგად შევისწავლი..
ახლა ველოდები სამსახურს და სრული დეპრესია ამეკიდა, ჯერ იმის ფიქრით, როდის რა გამოჩნდება, როგორი ოჯახი იქნება და სახლში როდის წავალ… როდის წავალ სრულ სიღარიბეში, მაგრამ სიყვარულით სავსე შვილების ყურებით ვიქნები ბედნიერი…
თქვენ გაგიმარჯოთ, ემიგრანტებო, ღმერთმა… სამსახურის ლოდინი როგორი ძნელი ყოფილა, ესეც ხო უნდა მენახა, გადამეტანა !
უთვალავი გოგო მწერს და მირეკავს, ჩემს ამბავს კითხულობს, ცდილობს, დამეხმაროს. იმედია, გამოვა, მალე შევალ სადმე… იმ მეგობრებს, რომელთანაც ვარ ახლა, მადლობას ვუხდი. უფლის მადლი და წყალობა არ მოჰკლებოდეთ ამ დასალიერში. იმიტომ, რომ მათ გულით მიმიღეს და მიერთგულებენ დღემდე…
თეონა ჭანტურია 2021წელი