CNN- ის სამოგზაურო პორტალმა „CNN travel“ იმ ქვეყნების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც ვაქცინირებული ტურისტებისთვის შეზღუდვები მოიხსნა.
ვაქცინირებული მოგზაურების მიღებას საქართველოსთან ერთად კვიპროსი, ესტონეთი, ისლანდია, პოლონეთი, რუმინეთი და სეიშელი იწყებენ.
”ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველომ სრულად ვაქცნირებული მოგზაურებისთვის შეზღუდვები მოხსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლახანს გამოაცხადა, რომ ნებისმიერი ვიზიტორი ვინც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორ დოზას მიიღებს PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის გარეშე საქართველოში საჰაერო გზით ჩასვლას და მოგზაურობას შეძლებს.
არავაქცინირებულ მოგზაურებს კი გარკვეული ქვეყნებიდან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის შემდეგ შეეძლებათ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ მესამე დღეს საკუთარი ხარჯით მოუწევთ კიდევ ერთხელ ტესტის გავლა.“- წერს CNN-ის ჟურნალისტი თამარა – ჰარდინჰენ-ჰილი და აღნიშნავს, რომ ის მოგზაურები, რომლებიც ბოლო 14 დღე დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ, საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში სავალდებულო 12 დღიან კარანტინს გაივლიან.
CNN- თან ერთად საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ წერდა ბრიტანული გამოცემა Independent, სადაც საქართველო პირველ ქვეყნად დასახელდა, რომელმაც ვაქცინირებული მგზავრებისთვის შეზღუდვა სრულად მოხსნა.