საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ფლეი – ოფი გაინაღდა

როტერდამის საცურაო ცენტრში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მესამე შეხვედრა ჩაატარა და მორიგი ორი ქულა მოიპოვა.

ქართველმა წყალბურთელებმა ბრაზილიის გუნდი – 12:8 დაამარცხეს და ფლეი – ოფში გასვლა გაინაღდეს.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ფლეი – ოფში ჯგუფებიდან 4-4 საუკეთესო გუნდი გადის, რომლებიც  შემდეგ ოლიმპიური სისტემით გააგრძელებენ ბრძოლას.

„საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 4 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა და 18 თებერვალს, დასკვნით ტურში ჯგუფის ლიდერ მონტენეგროს შეხვდება.

სატურნირო თვალსაზრისით, საქართველო-მონტენეგროს შეხვედრა არაფერს ცვლის. მეტოქე ნებისმიერ შემთხვევაში ჯგუფიდან პირველი ადგილით გადის, საქართველო კი, წარუმატებლობის შემთხვევაშიც, მესამე ადგილს შეინარჩუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგროსთან შეხვედრას ფორმალური დატვირთვა უფრო აქვს, საქართველოს ნაკრები, როგორც ამას ნაკრების მთავარი მწვრთნელი დეიან სტანოევიჩი აღნიშნავს, ბოლომდე იბრძოლებს.“ – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვალიფიკაციო ტურნირის საუკეთესო სამი ნაკრები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს.