“ბოტანიკური სასმელი” ახალი სიტყვაა ქართული გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე და ზუსტად იმას გულისხმობს, რის ასოციაციასაც პირველივე გაგონებისას გიქმნით –მცენარეული გაზირებული სასმელი, რომელიც ქიმიური მინარევების ნაცვლად, არც მეტი დ არც ნაკლები, მხოლოდ მცენარეებისგან შედგება.
მცენარეთა სასარგებლო თვისებებზე წარმოდგენა კაცობრიობას ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ჰქონდა, სხვა რომ არაფერი, ჰიპოკრატეს თავის ჩანაწერებში 200-ზე მეტი სამკურნალო მცენარე ჰქონია აღწერილი. აი, უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და მოსახლეობის მიერ ფართოდ გამოყენებულ მცენარეებს კი “არგონავტიკაშიც” ვხვდებით. საუკუნობით გამოცდილი სიბრძნე – რომ მცენარეები ადამიანებისათვის სასარგებლოა, თანამედროვე სამყარომ ნელ-ნელა დაივიწყა და ბუნებრივი, რაც ყოველთვის ვერ უდრის გემრიელს, ქიმიურით ჩაანაცვლა. დღეს სწორედ იმ გამონაკლისის შესახებ მოგიყვებით, რომელმაც ნატურალურობისა და გემოს გაერთიანება მოახერხა.
“ბოტანიკური სასმელი” პირველად კანადაში შექმნეს, მაშინ, როცა ყურადღება მიექცა იმას, რომ ნებისმიერი სასარგებლო მცენარე მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებისას ან ჩაის სახით მოხმარებისას თვისებების დიდ ნაწილს კარგავდა და ალტერნატივად ნაყენისგან მიღებული სასმელი აირჩიეს. შეიძლება ითქვას, რომ “ბოტანიკური სასმლის” სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა და აქ საქართველო ნოვატორობას ვერ დაიბრალებს, თუმცა კომპლექსური სასმლის წარმოებაში პირველობა ნამდვილად “ბოტანისტს” ეკუთვნის.
“როგორც წესი, ჩრდილოეთ ამერიკაში, მათ შორის კანადაში, წარმოებული ბოტანიკური სასმელი 2-3 ან მაქსიმუმ 4 მცენარის ნაყენს წარმოადგენს. ჩვენ შემთხევაში კი საქმე გვაქვს 16 მცენარისაგან შექმნილ კომპლექსურ პროდუქტთან, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს – ამ სფეროში ნამდვილად პირველები ვართ. ამდენი კომპონენტისაგან შექმნილი სასმელი, რომელსაც, თავის მხრივ, ემატება თაფლი და ყურძნის წვენი, გაოცებას იწვევს “ბოტანიკური სასმლის” სამშობლოშიც კი. “ბოტანისტის” მიერ წარმოებული სრულად მცენარეული სასმელი – “კაი” ახლა საექსპორტო ბაზრის ათვისებისათვის სერტიფიცირების პროგრამას გადის კანადაში და მინდა გითხრათ, რომ დიდ აღფრთოვანებასაც იმსახურებს” – ამბობს “ქართულ კვირასთან” საუბარში კომპანია „ბოტანისტის“ ხელმძღვანელი, გიორგი ჯირკვალიძე.
“ბოტანიკური სასმლისა” არ იყოს, “კაიც” ზუსტად ისაა, რა ასოციაციასაც პირველივე გაგონებისას იწვევს – ნამდვილად კარგი სასმელი. “კაიმ” ბაზარზე პოზიციონირება სულ ახლახან დაიწყო, თუმცა ეს ისტორია გაცილებით ადრე, დაახლოებით 30 წლის წინ იწყება, როცა რევაზ მელქაძემ საკუთარი კვლევების საფუძველზე სამკურნალო ბალზამი -“გრაალი” დაამზადა. მაშინ ქართველი მეცნიერის მიგნებები მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში მოხვდა, თუმცა პრაქტიკული დანიშნულებით მისი გამოყენება “ბოტანისტში” გადაწყვიტეს:
“ბატონი რევაზის მიერ შექმნილ უნიკალურ პროდუქტს მრავალი სასარგებლო თვისება აქვს, ეს არის, მაგალითად, ნუკლეიდების დონის დაწევა ანუ ე.წ რადიაციული ფონის შემცირება, იმუნიტეტის გაძლიერება, ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების გაჯანსაღება და ა.შ ამ პროდუქტში შემავალი თითოეული მცენარის სასარგებლო თვისებები ისედაც ცნობილი გახლავთ ფართო საზოგადოებისათვის, იქნება ეს ასკილი, ძირტკბილა, ალოე თუ სხვა. ბალზამის სასმელად ქცევის იდეა თავად ბატონმა რევაზმა გაუზიარა კომპანიის წარმომადგენლებს და ნაყოფიერი თანამშრომლობაც შედგა.”
სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა გემრიელისა და სასარგებლოს სინთეზი, რაც მაღაზიის დახლებზე ძალზე იშვიათია და მით უფრო, გამაგრილებელი სასმელების სექციაში. ამ ბაზარზე არსებული პროდუქტები, როგორც წესი, მავნე ქიმიურ მინარევებს შეიცავს და მათი მიღება არათუ სასარგებლო, საზიანოც კია.
“გამაგრილებელი, გაზირებული სასმელი ხშირად პირდაპირ იწვევს არაჯანსაღი პროდუქტის ასოციაციას, რაც, ბუნებრივია, უსაფუძვლო არ არის. ამ სფეროში ჯანსაღი ალტერნატივა “კაიმდე”, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ჩვენი მიზანი გახლდათ, გაზირებული სასმელის მოყვარული ადამიანების და განსაკუთრებით ბავშვებისათვის, ეს ალტერნატივა შეგვექმნა. მნიშვნელოვანია, რომ ამ სასმელში ბუნებრივად არის ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო ვიტამინები, ამინომჟავები, მაკრო- და მიკროელემენტები და მათი ხელოვნურად დამატება არ ხდება. გარდა ამისა,”კაი” შეიცავს დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებ შაქარს, ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა გამაგრილებელი სასმელები.
იყო დრო, როცა პროდუქტის ეტიკეტს საერთოდ არ ვკითხულობდით და შემადგენლობას კი არა, მოხმარების თარიღსაც არ ვაქცევდით ყურადღებას. სასიამოვნოა, რომ ეს მიდგომები ნელ-ნელა იცვლება და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ხდება დიფერენცირება იმისა, თუ როგორ პროდუქტს მოიხმარს. ბოლო პერიოდში საკმაოდ ტრენდულიც კი გახდა ჯანსაღი ცხოვრების წესი და, შესაბამისად, ჯანსაღი და ბუნებრივი პროდუქტის მოხმარება.”
ამ ეტაპზე “კაი” მსხვილ ქსელურ ჰიპერმარკეტებშია წარმოდგენილი, სამომავლოდ კი არა მხოლოდ საქართველოს ბაზრის სრულად ათვისება, არამედ ექსპორტზე გასვლაც იგეგმება. როგორც ჩანს, “ბოტანისტი” პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს მარტივად უმკლავდება და მიუხედავად შემცირებული გაყიდვებისა, მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.
“შეიძლება ითქვას, ჩვენ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდით, როცა აქტიური პოზიციონირება პანდემიის პერიოდში დავიწყეთ, ანუ მაშინ, როცა კიდევ უფრო აქტუალური გახდა ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი კვება – ორგანიზმის გამდიდრება სასარგებლო ნივთიერებებით და იმუნიტეტის გაძლიერება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფაქტობრივად არ გვქონია დრო, გვეწარმოებინა აქტიური სარეკლამო კამპანია, პროდუქტმა ბევრი მომხმარებლის ყურადღება მიიპყრო და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.”
იცით, როდის არის კარგი ნებისმიერი ნაწარმი? – როცა უკან ბრუნდება მომხმარებელი და არა პროდუქტი. მიუხედავად მცირე დროისა, “კაიმ” უკვე შეძლო ერთგული მომხმარებლების შეძენა და თუკი დღემდე არსებობს სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ სასარგებლო გემრიელი ვერ იქნება, “კაი” ამ სტერეოტიპს ერთ ყლუპში დაგიმსხვრევთ.
ავტორი: თამუნა ზარანდია