ძმები- არჩილ და გრიგოლ (გონია) ხვიტიები აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში, სახალხო მოსამართლის ბესარიონ ხვიტიას ოჯახში დაიბადნენ. დედაც განათლებული ქალბატონი გახლდათ- ლილი რაზმაძეს- დამთავრებული ჰქონდა გიმნაზია.
ოჯახსა და სოფლის სკოლაში მიღებული განათლების შემდეგ, ძმებმა ერთად განაგრძეს სწავლა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტზე, რომლიც წარმატებით დაასრულეს და ორივემ მუშაობა დაიწყო მშობლიურ სოფელში მასწავლებლად.
ჩვენთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ გრიგოლ (გონია) ხვიტიას სახელს უკავშირდება სამეგრელოში, როგორც ფოტოებით დგინდება, მარტვილის მთიან ზონაში, ულამაზესი ადგილის – ტობოვარჩხილის, იგივე ვერცხლის ტბის (ფოტოსურათს ასე აწერია) აღმოჩენა და მეცნიერული შესწავლა. ამ ფაქტს ბატონი გრიგოლი ასეთ შეფასებას აძლევს. “აღმოჩენას” რომ ვამბობთ – არ ვაჭარბებ, რადგან ამერიკაც არსებობდა მანამდე, სანამ მას სახელს დაარქმევდნენ და რუკაში შეიტანდნენ. ან ეს ადგილი შეიძლება შესწავლილი იყო სხვა, უცხოელი მოგზაურების მიერ. მართალია, ამ ტბაზე წარმოდგენა და მონაცემები ადგილობრივ მოსახლეობაში არსებობდა, მაგრამ პირველი კვლევითი საექსპედიციო ლაშქრობა 1954 წელს გრიგოლ ხვიტიას თაოსნობით განხორციელდა.
მთელი თავისი შეგნებით მოგზაურმა, ნიჭიერმა გეოგრაფმა და ინიციატორმა ექვსი ადამიანისგან ჩამოყალიბებული ჯგუფი შექმნა, მოუმზადა ნიადაგი ექსპედიციას, დაიქირავა ქუთაისელი ფოტოგრაფები, შეხვდა სამეგრელოს რეგიონის მაღალმთიანი დასახლების მწყემსებს, დალაშქრა ტბა ტობოვარჩხილი, აღწერა და დაიტანა თავის რუკაზე, დაწერა სამოქმედო გეგმა, ტბის მასშტაბი, მისასვლელი გზების ნახაზი და სხვა ნაშრომი და მოგვცა პირველი მეცნიერული აღწერა ამ შესანიშნავი ადგილისა. სამწუხაროდ ეს ნაშრომები დაკარგულია და მხოლოდ ოჯახში შემორჩენილი ფოტოსურათებიდან და ზეპირი გადმოცემებით დასტურდება.
ტობოვარჩხილზე გამგზავრების შემდეგ გრიგოლი ავად გახდა, შერყეულ ჯანმრთელობას ვერაფერი უშველეს და ცოტა ხანში გარდაიცვალა კიდეც. დაიკარგა ლაშქრობის ჩანაწერები. ვერავინ მოიცალა ამ ნაშრომების მოსაკითხად, სად ჰქონდა, ჯგუფის წევრებმა წაიღეს, თუ უგზო-უკვლოდ რატომ დაიკარგა?! აფხაზეთის ომმაც ოჯახებში შემონახული არქივები გაანადგურა.
ფოტოზე აღბეჭდილ მოლაშქრეთა სახეებზე ვკითხულობთ ტბის მომაჯადოებელ გავლენას, გავლილი გზის მხოლოდ ზოგიერთ ფრაგმენტს, მაგრამ იმდენად ცხადია ყველაფერი, დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა – 1954 წელს ძმები ხვიტიების თაოსნობით მარტვილის ტობავარჩხილზე საკვლევი მიზნით ექსპედიცია განხორციელდა და ამ ულამაზესი ტბის მეცნიერული “აღმოჩენაც” მათ ეკუთვნით
ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი