რეჟისორი, რომელის ურთიერთობაც კინოსამყაროსთან კამერის მიღმა დგომით არ დაწყებულა და რომლის მიღწევის გამეორებაც საბჭოთა კავშირში ვერავინ შეძლო – მიხეილ კალატოზიშვილი – ერთადერთი ქართველი და საბჭოთა კინორეჟისორია, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიგო, ფილმისათვის “მიფრინავენ წეროები”. “ოქროს პალმის რტო” არასდროს რგებიათ არც მიხალკოვს, არც ტალკოვსკისა და არც ქართული კინოს კორიფეებს.
რამდენიმე წლის წინ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჩატარებული გამოკითხვით, “მიფრინავენ წეროები” საუკეთესო საბჭოთა ფილმადაც დასახელდა.
კარიერის დასაწყისში მიხეილ კალატოზიშვილი მუშაობდა ფირის დამწებებლად, კინომექანიკოსად, მძღოლად, ლაბორანტად, მემონტაჟედ, მსახიობად, ოპერატორად, სცენარისტად და ოპერატორის ასისტენტად. აქვეყნებდა წერილებს ჟურნალში „მემარცხენეობა“ და აქტიურად გამოთქვამდა საკუთარ აზრს კინოს შესახებ.
მისი პირველი დამოუკიდებელი რეჟისორული ნამუშევარია ფილმი „მათი სამეფო“ (1928). შემდეგ გადაიღო ფილმი “ჯიმ შვანთე” („მარილი სვანეთს“, 1930) – ნოვატორული, პოეტური ნაწარმოები, რომელშიც დოკუმენტური და მხატვრული კინოს სანახაობითი პრინციპები ერთმანეთშია შერწყმული.
„ჯიმ შვანთეს“ გადაღებამდე ერთი წლით ადრე კალატოზიშვილის ჯგუფი გაემგზავრა სვანეთში, სადაც გადაიღო მასალა მხატვრულ-აგიტაციური ფილმისთვის „ბრმა“. გადამღებ ჯგუფს უსიამოვნება მოუვიდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რის გამოც “სახკინმრეწვის” ერთი თანამშრომელი მოკლეს. თბილისში დაბრუნების შემდეგ მასალა დაამუშავეს და დაამონტაჟეს, მაგრამ ნაწარმოები დაწუნებული იქნა მეტწილად კონსტრუქციული წყობისა და არა ნაწარმოების იდეის გამო. კალატოზიშვილს უზარმაზარი გამოუყენებელი მასალა შერჩა. მან ხელახალი მონტაჟი და გადალაგება დაიწყო და ასე შექმნა „ჯიმ შვანთე“.
ფილმმა მაყურებლის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ეკრანებზე ის მხოლოდ ოთხი დღე გადიოდა და შემდეგ მოხსნეს. უცხოელმა კინემატოგრაფისტებმა ფილმი მოიწონეს და მას ბუნუელის „უპურო მიწას“ ადარებდნენ. უფრო სწორედ კი ბუნუელის “უპურო მიწას” ადარებდნენ რამდენიმე წლით ადრე გადაღებულ ქართულ შედევრს.
დღე უკვე ყველასთვის ფაქტია, რომ კალატოზიშვილის წარმატება სწორედ “ჯიმ შვანთეს” უკავშირდება, ფილმს, რომლიც მისი “ფორმალიზმის” გამო დაიწუნეს. ამ ბრალდებას რეჟისორის მიერ შედარებით გვიან გადაღებულ კინოსურათებსაც უყენებდნენ.
1956 წელს, “მოსფილმში” ყოფნისას კალატოზიშვილმა ყურადღება მიაქცია სცენარს, რომელიც თითქმის ყველამ დაიწუნა და გადაიღო ფილმი “მიფრინავენ წეროები” – “ოქროს პალმის რტოთი” დაჯილდოებული ერთადერთი საბჭოთა ფილმი. კანის მე-11 კინოფესტივალზე, 1958 წელს, „ოქროს პალმის რტოს“ გადაცემის ცერემონიალზე, რეჟისორი არ გაუშვეს. ფესტივალის დირექციას კი აცნობეს, ცერემონიალს კალატოზოვი ავადმყოფობის გამო ვერ ესწრებაო.
“მიხეილ კალატოზიშვილის უკანასკნელ ფილმში კვლავ წარმოჩინდა “ჯიმ შვანთეს” ძირითადი მოტივი – ბუნების ძალებთან ადამიანის ურთიერთობა. კალატოზიშვილი გვახსენებდა, რომ ბუნებასთან მშვიდობიანი დიალოგი მხოლოდ ადამიანთა ერთობითაა შესაძლებელი. როგორც კი ეს ერთობა ირღვევა, ადამიანის ძალა ბუნების წინაშე სუსტდება და ბუნებაც, ადამიანში სიცოცხლის გასაოცარი წყურვილის მიუხედავად, იმარჯვებს, სჯის ადამიანს” – წერს გოგი გვახარია.