11 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს სააგენტოს – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობით, გაიმართება ონლაინკონსულტაცია საქართველოდან ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ.
,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2021 წლის 1 იანვრიდან, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული საბუთები დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც მოწმდება. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ ქვეყანაში, შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებული საბუთებს, რომელიც დადგენილია, ასევე, შენგენის რეგულაციით.
ონლაინკონსულტაციის ფარგლებში აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს მიმოიხილავენ და თქვენს შეკითხვებს პირდაპირ რეჟიმში უპასუხებენ – ვეკა მოდებაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი და გურამ დავითაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსი.
ონლაინკონსულტაცია გაიმართება Facebook LIVE-ის ფორმატში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ოფიციალურ Facebook გვერდზე, ასევე, შესაბამისი ბმული გაზიარებული იქნება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებულ Facebook ჯგუფში სახელწოდებით – უვიზოდ ევროპაში.