10 თებერვალს, 12 საათზე, ფეისბუქ ჯგუფ „აგორაზე Agora“ – ზე, გერმანიაში მცხოვრები ქართველი პოეტისა და ჟურნალისტის, ბელა ჩეკურიშვილის ახალი პოეტური კრებულის “ნანას ცხენი”(გამომცემლობა ,,ინტელექტი”) ვირტუალური პრეზენტაცია დაიწყება.
პრეზენტაციას შეგიძლიათ შეუერთდეთ ნებისმიერ დროს, რადგან ღონისძიება მთელი კალენდარული დღის განმავლობაში გასტანს და არაერთი სიურპრიზი გელით.
ბელა ჩეკურიშვილი დაიბადა 1972 წელს, გურჯაანში. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1998-2013 წლებში მუშაობდა კულტურის ჟურნალისტად ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, გამომცემლობებში – რედაქტორად, სკოლაში – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულება) და ბონის უნივერსიტეტის მაგისტრანტია.
ავტორია ოთხი ქართულენოვანი პოეტური კრებულისა: „ან.. ან“ (1998), „ღია ბარათები“ (2009), „შეკითხვა სიზიფეს“ (2012) და „სიშიშვლის დეტექტორი“ (2017).
მისი ლექსები შესულია: ქართველ პოეტთა გერმანულენოვან კრებულში “Aus der Ferne“ (გამომცემლობა “Corvinus presse Berlin”, 2015.), ქართული პოეზიის ანთოლოგიაში „Ich aber will dem Kaukasos zu…“ (გამომცემლობა “Pop-Verlag“, 2015.), ქართულ-ინგლისურ ანთოლოგიაში „ქართველი პოეტი ქალები“ (2016). ლექსი „ჩვენ, ვაშლის ხეები“ შევიდა გერმანული პოეზიის ანთოლოგიასა („ლირიკის ყოველწლიური 2017“) და ხელოვნებისა და ლიტერატურის ორ ალმანახში. 2018 წლის ივნისში გერმანულ ენაზე გამოვა ლექსების კრებული „Barfuß“ (გამომცემლობა „Wunderhorn“).
მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე.