ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian ქართული სუფრის ერთ-ერთი მთავარი და უცვლელი კომპონენტის, ხაჭაპურის შესახებ წერს. სტატიის ავტორი მკითხველს რაჭაში საკუთარი მოგზაურობის შესახებ უყვება და ხაჭაპურის ადაპტირებულ რეცეპტსაც სთავაზობს – სულგუნისა და იმერული ყველის ნაცვლად, მოცარელასა და ფეტას ნაზავი, ხოლო ცომში გამოყებენული მაწვნის ნაცვლად – კეფირისა და არაჟნის მიქსი. როგორც ავტორი აღნიშნავს, შეიძლებ,ა ასე ავთენტური გემო ვერ მიიღო, თუმცა მოახერხებ იმას, რომ თბილმა ხაჭაპურმა წამით მაინც დაგაბრუნოს საქართველოში – სტატიასაც სწორედ ასე ჰქვია.
“ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მენიუ, რაც კი ოდესმე მიმიღია, იყო რაჭაში, კავკასიონის მთისწინეთის პატარა სოფელში, სადაც ვაწაძეების მეღვინე ოჯახი მმასპინძლობდა. რაჭა საოცარი განცდების ადგილია – სუფთა ნაკადულებით, მთებითა და მდელოებით, რომელთა სიმყუდროვესაც ძროხებისათვის შებმული ეჟვნების ხმა არღვევს” – წერს სტატიის ავტორი, მარსელ დეროქსი და ხაჭაპურთან ერთად, ქართული სუფრის რამდენიმე მარგალიტსაც აცნობს მკითხველს. უყვება ქვევრში ღვინის წარმოების ტექნიკაზეც, რომელსაც უცხოელი სტუმრისგან დიდი მოწონება დაუმსახურებია.
“გარდიანს” არც ქართული მრავალხმიანობა გამორჩენია – “სუფრაზე ქართული პოლიფონიური სიმღერა შესრულდა, როგორც ჩემმა მასპინძელმა, მურად ვაწაძემ ამიხსნა, ეს “ჩაკრულოა“- სიმღერა, რომელიც “ვოიაჟერს” კოსმოსში გაატანეს, როგორც ადამიანთა ცივილიზაციის არსებობის ნიშანი. სიმღერა იმდენად რთულია, რომ დარწმუნებული ვარ, მისი მოსმენის შემდეგ ნებისმიერი უცხოპლანეტელი აიღებდა ხელს დედამიწისათვის შემოტევაზე და რაიმე უფრო მარტივ პლანეტას იპოვიდა” – წერს გარდიანი.