“თბილისი იყო ურთიერთობაო”, ალბათ, ბევრ ჩვენგანს გვსმენია თბილისის ძველებურ კოლორიტსა და ურთიერთობებს მონატრებული ხალხის ეს სიტყვები. ისტორიებიც ბევრი გაგვიგია, ქალაქის ლაიტმოტივად ქცეულ ამ ფრაზას რომ არგუმენტად ედება – აბა, სხვა რომელ ქალაქში გათხოვებს რიგითი გამვლელი ფეხსაცმელს გასაუბრებაზე წასასვლელად და შემდეგ საქმიან პარტნიორადაც გექცევა?!
ამ ამბის ორივე გმირი ახლა ემიგრაციაში მოღვაწეობს:
“სამსახურიდან გამათავისუფლეს (ნუ გიხარიათ 90-ინა წლების ამბავს ვყვები) ჰოდა ჩემს ბედზე ამერიკის საელჩომ USAID-ის სახელმწიფო განვითარების პროექტებზე გამოაცხადა კონკურსი რეგიონალური დირექტორის თანამდებობაზე… ვიფიქრე, ამათთან მაინც არ მოდის ჩაწყობა და მოდი, კონკურსში მივიღებ მონაწილეობას, იქნებ გამიმართლოს-მეთქი… ორი კვირის შემდეგ ტელეფონზე დამირეკეს და შემატყობინეს, რომ კონკურსში გავიმარჯვე და სასწრაფოდ უნდა გამოვცხადებულიყავი საელჩოში. წამოვხტი გახარებული, ვეცი ტანსაცმელს და ვხედავ ფეხსაცმელზე ძირია ამძვრალი. – წებოო!!! – ვიღრიალე სასოწარკვეთილმა. რამდენიმე წუთში ჯულიეტას ჯიხურიდან წებო მომირბენინეს. (ნისიად) მივუშვი შიგნიდან გარედან წებო ფეხსაცმელში და ჩემი ნატანჯი ჟიგული ვაი-ვაგლახით დავქოქე. კოლმეურნეობის მოედანზე იმდენხანს ვეწვალე საცობიდან თავის დაღწევას, რომ მარცხენა ფეხი “ცეპლენიაზე” მიმეწება და გადმოსვლის დროს ფეხსაცმლის ძირი ზედ შერჩა…
– ძმურად, შეგიძლია, ფეხსაცმელი მათხოვო 15 წუთით? შენ მანქანაში დამელოდე და თუ გადაგადო არაკაცი ვიყო, ახლავე დავბრუნდები-მეთქი – ვთხოვე შემთხვევით გამვლელ ახალგაზრდა მამაკაცს. ტიპმა ფართო თვალებით შემომხედა, მერე ცერა თითი მიიტანა საფეთქელთან, უნდოდა ხელის კომბინაციით ეჩვენებინა, ხომ არ უბერავო, მაგრამ ჩემს გაჭირვებულ სიფათს, რომ შეხედა უყოყმანოდ დამთანხმდა. მართალია 2 ზომით დიდი აღმოჩნდა, მაგრამ რას დავეძებდი. ისეთი ფაცხა-ფუცხით გავიარე კორიდორი, დაცვის თანამშრომელმა ორჯერ დამაწია გამძვრალი ფეხსაცმელი. შეხვედრამ ბრწყინვალედ ჩაიარა…
– მადლობა, ძმა! დამნიშნეს! – ვეუბნები ჩემს მოლოდინში შეწუხებულ უცნობს და ფეხსაცმელს ვაწვდი. – სად დაგნიშნეს? – პროექტების რეგიონალურ დირექტორად… – ღადაობ? – არა, შენს თავს გეფიცები… – ჩემს თავს რატომ, არავინ გყავს ახლობელი? – რატომ და ძმა ხარ ჩემი… – მაგ სამსახურში იურისტი არ გჭირდებათ? – ვაა კოლეგა ხარ? დაჯექი სახლამდე მიგიყვან… – არა იყოს, შორს ვცხოვრობ… – შორს, თორე შენც ახლა დასავლეთ ევროპიდან არ მყავდე. დაჯექი, დაჯექი მეთქი! – ვუთხარი და კარი გავუღე.
ჩემი გადამრჩენი, დავით ანდღულაძეც უმუშევრად დარჩენილი იურისტი აღმოჩნდა, რომელმაც თითქმის 3 წელი იმუშავა ჩემს თანაშემწედ და დღეს უკვე დანიაში ერთერთი უნივერსიტეტის პროფესორია. გაიხარე დავით… დღეს ახალმა ფეხსაცმელმა ცოტა მომიჭირა და ძირგამძვრალი ფეხსაცმლის ისტორია გამახსენდა…
ნუგზარ სულა სულაშვილი.