1-ელი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„1-ელი თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა.ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში, ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამს, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით. მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ვხედავთ ისე, რომ არ იქნება რაიმე დამატებითი საფრთხის მომტანი“, – განაცხადა თურნავამ.