საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 40 წლის შემდეგ დასრულდება სოსო ჩხაიძის მრავალსერიანი მხატვრული ფილმი „შვიდკაცა“. ფილმზე რეჟისორი სოსო ჩხაიძე 1979 – 87 წლებში მუშაობდა ტელეფილმების სტუდიაში.
ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა კინორეჟისორი აგროვებს მასალებს სადიპლომო ფილმის გადასაღებად გურულ პოლიფონიურ სიმღერაზე. მაყურებელი თითქოს მასთან ერთად მოგზაურობს და ეცნობა გურული ხალხური სიმღერის დიდოსტატებს. ფილმში ასახულია 80-იანი წლების თბილისიც რეალური პერსონაჟებით.
„სამწუხაროდ, სოსო ჩხაიძეს არ დასცალდა ფილმის დასრულება, მაგრამ მან მოასწრო გადაღება, დამონტაჟება და გურიის ეპიზოდების ნაწილობრივი გახმოვანება. ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ფილმზე მუშაობა წელს საბოლოოდ დასრულდება და მაყურებელი იხილავს შვიდ სერიან სატელევიზო მხატვრულ ფილმს.“ – ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.
პოსტ-პროდუქციის პროცესს უძღვება პაატა გოძიაშვილი პროდიუსერ ნანა ზურაბიშვილთან ერთად. დაგეგმილია შემდეგი სამუშაოების ჩატარება: არსებული მასალის აღდგენა, ხმის გაწმენდა, ფერთა კორექცია, დიალოგების ნაწილის ჩაწერა, მონტაჟის დასრულება, მიქსინგი, ტიტრებისა და სუბტიტრების დამზადება.