დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო, 5 იანვრიდან ბრიტანეთში კოვიდ განგაშის სისტემის მე-5 დონის ამოქმედება და საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, რაც მოიცავს შემდეგს:
➡ ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება: აუცილებელი საჭიროების, განათლების, სამუშაო ადგილზე მისვლისა და დღეში ერთხელ ვარჯიშის მიზნით;
➡ სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;
➡ სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;
➡ ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დახურულია;
➡ საგანმანათლებლო დაწესებულებები და სკოლები გადადიან ონლაინ სწავლების რეჟიმზე თებერვლის შუა რიცხვებამდე. გამონაკლისის სახით, სკოლები ღია იქნება მხოლოდ განსაკუთრებული პროფესიის მქონე (critical workers) ადამიანების შვილებისთვის.
„ქვეყანაში მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაცია ბრიტანეთში დამტკიცებული 2 ვაქცინის (კომპანიების Pfizer და AstraZeneca-Oxford) გამოყენებით. წარმატებულ ვაქცინაციაზე და მოსახლეობის მიერ მთავრობის რეკომენდაციების დაცვაზე იქნება დამოკიდებული თებერვლის შუა რიცხვებამდე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.