შაბათს, 9 იანვარს, 22:00 საათზე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს “დიდება დედოფალს”, რომელიც ლეგენდარული ქართველი ქალი მოჭადრაკეების – ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის შესახებ მოგვითხრობს.
„60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წლის მანძილზე, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს სწორედ ეს ქალები განაგებდნენ. მათ რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანასწორეს.“ ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.
ფილმის ჩვენება უკვე შედგა ავსტრიაში, სერბეთსა და მექსიკაში. ეროვნული პრემიერა კი ახლახანს გაიმართა საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის – “სინედოკის” ფარგლებში.
ფილმის ჩვენება გაიმართება ფეისბუქ ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ლაივ ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.
რადგან ფილმის ჩვენება ჯერ არ შემდგარა რამდენიმე ქვეყანაში, მას ექნება გეოგრაფიული შეზღუდვა და ჩვენებაზე ონლაინ დასწრებას მხოლოდ საქართველოში მყოფი მაყურებლები შეძლებენ.