საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს შობა-ახალ წელს ულოცავს
“ძვირფასო თანამემამულენო,
გულითადად გილოცავთ შობა-ახალ წელს, თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებებს.
2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი სახელმწიფოსა და განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის მოულოდნელი გამოწვევებით აღმოჩნდა სავსე. გლობალური პანდემიის შედეგად მოულოდნელად წარმოქმნილმა სირთულეებმა და მათთან გამკლავების პროცესმა, ისე როგორც არასდროს, დაახლოვა სახელმწიფო და მოქალაქე. ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის დახმარების აღმოჩენის პროცესში. საამაყოა, რომ ჩვენ შევძელით საერთო მიზნისთვის გაერთიანება და ამ ურთულეს დროს ერთად დავეხმარეთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა სახელმწიფოს გვერდში დგომა, ასევე თქვენი თანადგომა და ტკივილის გაზიარება.
ქართულმა დიასპორამ პანდემიასთან ბრძოლის რთულ გზაზე სამოქალაქო გმირობის არაერთი მაგალითი აჩვენა და ადგილსამყოფელ ქვეყნებში შექმნილ ურთულეს ვითარებაში საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, გასაჭირში ჩავარდნილ უამრავ ჩვენს ემიგრანტს გაუწოდა დახმარების ხელი.
მადლობას ვუხდი საზღვარგარეთ მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებს და თანამემამულეებს, რომელთაც პანდემიიდან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ დაიშურეს ძალისხმევა და დაირაზმნენ თანამემამულეთა სოციალური თუ ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად.
უცხოეთში შექმნილი კრიზისის ცენტრებიდან აქტიურად ეწეოდნენ ემიგრანტთა საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და არსებული პრობლემის გადაჭრას, ხოლო საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები დ ფსიქოლოგები კი უანგაროდ უწევდნენ მათ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ კონსულტაციას.
ფასდაუდებელია ქართული ეკლესიებისა და სამრევლოების წვლილი, რომელიც მათ გასწიეს ჩვენი ემიგრანტების მძიმე ყოფის შესამსუბუქებლად და სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად.
გლობალური პანდემია გამოწვევა იყო ჩვენი უწყებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის. დაუღალავი, თავდაუზოგავი 24-საათიანი მუშაობით ჩვენ შევძელით საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის მართლაც უპრეცედენტო ხასიათის დახმარება აღმოგვეჩინა უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის. მოხდა მათი ოპერატიული რეპატრიაცია, მათ შორის, ეპიდემიის აფეთქების კერებიდან და ასევე ადგილზე მათი დახმარება.
კოვიდ-19-ის გავრცელების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი შესაძლებლობების მობილიზება ქართული დიასპორის მხარდამჭერ პროგრამებზე მოახდინა და „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამა მთლიანად კონცეტრირდა იმ პროექტებზე, რომლის ფარგლებში შესაძლებელი იყო ჩვენი თანამემამულეების დამატებითი დახმარება.
პანდემიის გამო მთელი რიგი ღინისძიებების გადადების მიუხედავად, ჩვენი უწყება დისტანციურ ფორმატში აგრძელებდა და კვლავაც აგრძელებს დიასპორასთან მიმართებით დასახული პრიორიტეტების თანმიმდევრულ განხორციელებას. ამჟამად ვირტუალურ ფორმატში, ინტენსიურად გრძელდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები და დიასპორულ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია.
სახელმწიფოსა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება ქართული დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლების, ქართული ფოკლორული ანსამბლების მხარდაჭერა, ასევე, საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განმტკიცება და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში მათი აქტიური ჩართულობა.
კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობების გაღრმავებას.
პანდმემიამ, როგორც გლობალურმა გამოწვევამ, მსოფლიოს აჩვენა, რომ კრიზისის დაძლევის გზა და სამყაროს მომავალი ერთიანობაშია.
ღრმად მწამს, რომ ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობის სანიმუშო მაგალითი, რომელიც პანდემიის კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტულ თანამემამულეებს შორის შედგა, კვლავ გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.
საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, იმედით შეჰყურებს 2021 წელს, როდესაც შესაძლებელი იქნება კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალურად გამოყენება და პანდემიის დასრულება.
უკეთესი მომავლის იმედით კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ჯანმრთელობა, წარმატებები და მშვიდობა მოეტანოს მას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის!