პარასკევს, 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 43 წელი სრულდება. საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დღეს არანაირი ღონისძიება ჩატარდება.
„ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს მწყემსმთავარს მიულოცოს პატრიარქობის 43-ე წელი, საქართველოს, საქართველოს ეკლესიის და მის უწმინდესობის კეთილდღეობისათვის პარასკევს, 25 დეკემბერს, დამატებით წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და „მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე, კარგი იქნება, თუ რაიმე სიკეთეს გაუკეთებთ თუნდაც ერთ გაჭირვეულ ადამიანს; სიტყვით ნუგეშინისცემაც მადლად ჩაგეთვლებათ.
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს.“, – ნათქვამია განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს.
საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.