ინგლის-ბურების ომი იმ დროს დაიწყო, XX საუკუნის დადგომას ერთი წელი და სამი თვე რომ აკლდა, თუმცა ისე მოხდა, რომ ამ ომში ორივე მხარემ XIX საუკუნეში ჯერარნახული და არგაგონილი “ზნენი საეშმაკონი” გამოიყენა: ინგლისელებმა – ე.წ. “გადამწვარი მიწის” ტაქტიკა, ბურებმა კი – პერმანენტული პარტიზანული ომი და სნაიპერული დარტყმები.
აქ იმასაც ვიტყვი, რომ საკონცენტრაციო ბანაკიც, როგორც ასეთი, სწორედ ბურებთან ომის დროს გამოიყენეს ინგლისელებმა: ტყვედ ჩაგდებულ სამხედროთა, პარტიზანთა და ამ უკანასკნელთა მხარდამჭერ ფერმერთა უკეთესად გაკონტროლებისათვის.
ბურები, მოგეხსენებათ, სამხრეთ აფრიკაში XVI-XVII საუკუნეებში დასახლებული ჰოლანდიელი კოლონისტების შთამომავლები არიან. XIX საუკუნის შუა წლებიდან კი მათ, ამჟამინდელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში ჰქონდათ შექმნილი ორი სახელმწიფო – ტრანსვაალის რესპუბლიკა და ორანჟის თავისუფალი მხარე.
ბრიტანეთი კი აფრიკის ნახევარს ფლობდა და თავისუფლებისმოყვარე ბურებს ალბათ, იოტისოდენა ყურადღებასაც აღარ მიაქცევდა, ტრანსვაალში რომ ალმასების საბადო არ აღმოეჩინა მავან მონადირე ინგლისელს, გვარად ივენსს. სხვათა შორის, სწორედ ამ ივენსზე ამბობდნენ, რომ ჯაშუშიც იყო, თუმცა ეგ საინტერესო არაა.
საინტერესო ჩვენს ამბავში ისაა, რომ 1899 წლის 11 ოქტომბერს, როდესაც ომი ოფიციალურად გამოცხადდა, სამხრეთ აფრიკიდან ძალიან, ძალიან შორს – ოსმალეთის სატახტო ქალაქ სტამბოლში, “დრაგუნის დაშნით ფარიკაობის შემსწავლელმა წრემ” დაიწყო ფუნქციონირება.
Sportall.Geზედმეტად კირკიტა მკითხველებს შეუძლიათ გადაამოწმონ – ამის შესახებ სტამბოლში იმჟამად ფრანგულ ენაზე გამომავალ გაზეთ “საღამოს სტამბოლის” ოთხმოცდამეშვიდე ნომრის სულ ბოლო გვერდზე ეწერა. იქვე, სხვათა შორის, მითითებული იყო, რომ გაკვეთილებს კეთილშობილი ქართველი თავადი ირაკლი ფალავანდოვი ჩაატარებდა.
სტამბოლის ფრანგულ გაზეთში განცხადების გამოქვეყნება იმხანად უბრალო საქმე არ იყო – იმ გაზეთს ზეპური საზოგადოება ეცნობოდა და, აქედან გამომდინარე, ირაკლი ფალავანდოვს (ჩვენებურად – ფალავანდიშვილს) მოსწავლეთა პოვნა აღარც უნდა გასჭირვებოდა, რახანღა სტამბოლი მაშინაც ევროპულობაზე დებდა თავს და, იმდროინდელი ევროპული ადათით, მაღალი წრის ყოველ მამაკაცს დრაგუნის ანდა კავალერისტის დაშნის კარგად ფლობა უნდა შესძლებოდა.
საქმე კი ისე წავიდა, რომ ირაკლი ფალავანდოვმა მოსწავლეები კი შეაგროვა, მაგრამ ზუსტად ერთ წელიწადში, იძულებული გახდა, ის თავისი “დრაგუნის დაშნით ფარიკაობის შემსწავლელი წრე” საერთოდ დაეხურა – სულთანმა აბდულჰამიდ II-მ 1900 წელს, საგანგებო ფირმანით სასტიკად აკრძალა სამოქალაქო პირებისათვის სამხედრო ხელოვნების სწავლება.
მკითხველის გასათვითცნობიერებლად აქ ვიტყვი, რომ სულთანს აჯანყებისა ეშინოდა და ასე იმიტომ მოიქცა.
ირაკლი ფალავანდოვსაც რაღა უნდა ექნა? თავიდან, ფარულად კი ატარებდა გაკვეთილებს, მაგრამ გაუგეს და ისეთ დღეში ჩააყენეს, სტამბოლის დატოვებამაც კი მოუწია – ჟანდარმებს რომ კირკლარელის ციხეში არ ჩაესვათ (მაშინ იქ სვამდნენ უცხოელებს და სასტიკადაც ეპყრობოდნენ), რომელიღაც ბერძნულ გემზე ისე აიპარა, არც კი უკითხავს, საით მიდიოდა. კაპიტანს ქრთამი გადაუხადა და უთხრა: ქართველი თავადიშვილი ვარ და ოსმალები დასაჭერად დამდევენ, ქენი სიკეთე და გამაცილე აქაურობასო. ისიც არ დაჰზარდა და სტამბოლიდან მარსელში ჩაიყვანა. მაშინ ხომ ასე იყო: ხმელთაშუა ზღვაზე მარსელი ყველაზე დიდი ნავსადგური გახლდათ.
სტამბოლიდან წამოღებული ფული ირაკლი ფალავანდოვს სულ რამდენიმე დღე ეყო, მერე კი გაჭირვების დასაძლევად ჯერ ჩოხის ვერცხლისთავიანი ქილები გაყიდა და შემდეგ – ქამარ-ხანჯალი. მერე ახლადშეძენილმა ნაცნობებმა – ნავსადგურის რესტორნის მეპატრონეებმა შეიცოდეს და დაცვაში დააწყებინეს მუშაობა.
ქართველი თავადიშვილის მოვალეობას ზედმეტად მთვრალი მოქეიფეების გარეთ გაძახება ან ადგილზევე ჩაწყნარება შეადგენდა. თავიც კარგად გამოიჩინა ამ საქმეში, თუმცაღა ხეირი მხოლოდ ის იყო, რომ უფასოდ აჭმევდნენ, ასმევდნენ და აძინებდნენ იქვე, იმ რესტორანში.
ერთხელაც, ხსენებულ რესტორანში ერთი უცნობი, ჟღალწვერა კაცი შემოსულა, რომელიც ფრანგულს ისე უბოდიშოდ და მოურიდებლად ამტვრევდა, რომ ყველა მიხვდებოდა, უცხოელი რომ იყო.
სწორედ ფრანგული ენის უბოდიშოდ მტვრევა არ მოეწონათ რესტორანში შეკრებილ მეზღვაურებს და იმ ჟღალწვერა უცხოელს ჯერ შორიდან შეესიტყვნენ აგდებულად, მერე ახლოდანაც შეჰბედეს და როდესაც მანაც უპასუხა, ატყდა ერთი ვაიუშველებელი.
ჟღალწვერა მედგრად იბრძოდა, მაგრამ ოც კაცს ვეღარაფრით გაუმკლავდა. ერთი სიტყვით, სწორედ მაშინ, როდესაც კუთხეში მიიმწყვდიეს, ქართველი მცველი ჩაერია საქმეში: ჭინჭყლი მეზღვაურები რესტორნიდან სულ კინწისკვრით გააძევა და წაქცეული ჟღალწვერაც ფეხზე წამოაყენა.
ჰოდა, როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, მცველი და მისი გადარჩენილი უცხოელი დამეგობრდნენ და ერთმანეთს გულის ნადებიც გაუზიარეს – ჟღალწვერა ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს ერთ-ერთი კომპანიის აგენტი აღმოჩნდა; საფრანგეთში კი სწორედ იმისთვის ჩამოსულიყო, რომ ინგლისელებთან ომისათვის მოხალისეები შეეკრიბა. “ინგლისელები ჩვენზე მეტნი არიან…
ამიტომ, ჩვენ მთელს მსოფლიოში ვაგროვებთ ხალხს მათ წინააღმდეგ საბრძოლველად” – გაუმხილა მან ფალავანდოვს და იქვე შესთავაზა: შენც ხომ არ წამოხვიდოდი სამხრეთ აფრიკაში, მშვენიერი მონაცემები გაქვს და თუ ჩვენს მხარეს იომებ, კაი ფულს გადაგიხდითო.
ირაკლი ფალავანდოვს დასაკარგი არაფერი ჰქონდა და დათანხმდა. ჟღალწვერა ნაცნობთან (მას ვინსენტ ვან სეიკენს ეძახდნენ) ერთად, 1900 წლის ბოლოს, ქალაქ კააპსტადში ანუ კეიპტაუნში ჩავიდა.
მოგვიანებით, ორანჟის ჯარში, გენერალ დე ვეტის ბატალიონში გამწესდა ასმეთაურად. ამ ბატალიონში მრავლად იყვნენ რუსეთის იმპერიიდან ჩამოსული მოხალისეები და ირაკლი ფალავანდოვიც, რადგანაც გვარს რუსული დაბოლოებით ატარებდა და იმ მოხალისეებთანაც რუსულად საუბრობდა, რუსად ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი იყო.
ბურების მეორე რესპუბლიკის – ტრანსვაალის არმიაში რომ ნიკო ბაგრატიონი იბრძოდა, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. საინტერესოა, მან თუ იცოდა ის, რომ მეზობელ და მოკავშირე ორანჟის რესპუბლიკის ჯარში გენერალ კრისტიან ლორენს დე ვეტის დრაგუნთა ასეულს მისი თანამემამულე მეთაურობდა.
ალბათ გაგონილიც ექნებოდა, თუმცა თავის მოგონებათა წიგნში არაფერს წერს. სამაგიეროდ, კრისტიან ლორენს დე ვეტი აღწერს, თუ როგორ უჩვენა ერთხელ დაშნის ფლობის გასაოცარი ოსტატობა ირაკლი ფალავანდოვმა ინგლისელებს ერთ-ერთ შეტაკებაში.
საქმე ის იყო, რომ კრისტიან ლორენს დე ვეტი ბურ გენერლებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ინგლისელებთან ომის მოგება პარტიზანული ომით და დივერსიებით სცადა. მისი ყველა ჯარისკაციც ისეთივე დონის მებრძოლი იყო, როგორიც დივერსიას და პარტიზანობას სჭირდებოდა.
ერთგულ ადამიანებთან ერთად, დე ვეტი თავადვე გეგმავდა და ასრულებდა დივერსიულ აქტებს. ერთხელ კი, თურმე, ირაკლი ფალავანდოვისთვის უთქვამს – წავიდეთ მე და შენ ქალაქ ბლუმფონტეინის მიდამოებში, სადაც ინგლისელების ბაზაა და ისეთი დივერსიული აქტი მოვუწყოთ, თავი ჯოჯოხეთში ეგონოთო. ჰოდა, წასულან ორნი. დე ვეტი კაი ეშმაკის ფეხი იყო, მაგრამ ფალავანდოვიც ტოლს არ უდებდა: ინგლისელების სამხედრო ბაზაზე ისე ჩუმად შეიპარნენ, დარაჯებს ეჭვიც კი არაფრისა აუღიათ და მხოლოდ მაშინ მოეგნენ გონს, როდესაც ბაზაზე იარაღის მთავარი საწყობი აფეთქდა და ირგვლივ ყველაფერი ცეცხლში გაეხვია.
ინგლისელები თავიდან კი დაიბნენ, მაგრამ მერე ბუკსა და ნაღარას ჰკრეს და საბრძოლველად შეიმართნენ, მალევე აღმოაჩინეს, რომ ბაზაზე სულ ორად ორი კაცი შემოპარულიყო და იმათ დაჭერას კი, აბა რა ბევრი რამ უნდოდა – სულ რამდენიმე წუთში მოახერხეს, რომ ალყაში მოექციათ დე ვეტი და ფალავანდოვი და როგორც წესი, დანებება უბრძანეს.
ამის შემდეგ, კრისტიან ლორენს დე ვეტის ჩანაწერებს თუ ვენდობით, მოვლენები ასე განვითარებულა:
“ფალავანდოვმა მიჩურჩულა, მე ახლა ამათ დავაკავებ, თქვენ კი გაიქეცით და ჩემზე ნუღარ იდარდებთო.
პასუხის თქმა ვერც კი მოვასწარი – ის გვერდზე გახტა და ერთ-ერთ მოახლოებულ ინგლისელ ოფიცერს ქამრიდან უცებ დრაგუნის დაშნა ამოაცალა. წამიც და – იმ ოფიცრის თავი მიწაზე გაგორდა, ტანი კი ისევე დარჩა, ორ ფეხზე მდგარი. ასეთივე ბედი ეწია მის ადიუტანტს.
მერე რამდენიმე სხვასაც და ცოტა ხანში, მთელი ჯარი ამ ერთ კაცს მიესია. ფალავანდოვმა დაშნით მარჯვნივ და მარცხნივ აკაფა მტერი, მერე ახტა, სამ კაცს თავზე გადაევლო, ვიღაცას ხელის თითები ააჭრა, ვიღაცას თმები, ვიღაცას ცხვირი და უეცრად, პირისპირ შეეჩეხა სერ უილიამ რესკინს, რომელიც მთელს ბრიტანულ სამხრეთ აფრიკაში საუკეთესო და უძლეველ მოფარიკავედ ითვლებოდა – არმიის ჩემპიონი იყო დაშნის ფლობაში.
აი, ამ კაცთან დაპირისპირება მოუწია ირაკლი ფალავანდოვს და უნდა ითქვას, რომ ღირსეული მოწინააღმდეგეც გამოდგა: შვიდჯერ გადაუჯვარედინა დაშნა რესკინს.
ეს რეკორდის ტოლფასი იყო – დაშნის გადაჯვარედინებას ინგლისელ ოფიცერთან ორ-სამზე მეტად ვერავინ ახერხებდა. საათ-ნახევარზე მეტხანს იბრძოლეს და მთელი ამ დროის განმავლობაში, ჯარისკაცები გახევებულივით იდგნენ და უყურებდნენ, თუ როგორ ეწინააღმდეგებოდა ეს ვიღაც გადამთიელი არმიის ჩემპიონს.
ბოლოს, ერთმა შოტლანდიელმა პისტოლეტი იძრო და ფალავანდოვს ზურგში დაახალა. ასე რომ არ მოქცეულიყო, რესკინი ბრძოლას ვერ მოიგებდა. მაშინ მეც ტყვედ ჩამიგდეს და მერე თავად მოვისმინე, როგორ ამბობდა რესკინი: ეს ისეთი კარგი მოფარიკავე ჩანდა, რომ ეჭვიც არ მეპარებოდა, წავაგებდიო” – წერდა დე ვეტი თავის მემუარებში, რომელიც 1903 წელს გამოაქვეყნა.
სწორედ ამ მემუარებში დაიბეჭდა ირაკლი ფალავანდოვის ეს სურათი, სადაც საქართველოსთვის უსახელოდ დაკარგული ქართველი მოფარიკავე ეპოლეტებიან ჩოხაშია გამოწყობილი, განუყრელი დრაგუნის დაშნით.
მიხეილ ლაბაძე - ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"