„ჰოლივუდში თუნდაც ერთი პატარა როლის მიღებაც კი ძალიან ძნელია, რადგან ყოველ სინჯზე 100-მდე მსახიობი მაინცაა ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნიდან – თავიანთი ქვეყნის „კუკარაჩები“… შეიძლება ითქვას, რომ მე გამიმართლა… ჩემთვის ყველა როლი ეტაპობრივია იმდენად, რამდენადაც თითოეული მათგანი დინამო „თბილისის“ 1981 წლის გამარჯვების ტოლფასია…
მაინც რა მომცა ჰოლივუდმა პროფესიული თვალსაზრისით?… რა და, შევძელი გამომეყენებინა ის, რაც საქართველოში ვისწავლე“ – ამბობს ცნობილი ქართველი მსახიობი ლევან უჩანეიშვილი, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სადაც უცხოელის კვალობაზე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია.
ქართველი „კუკარაჩა“ გადაღებულია ჰოლივუდის ფილმებში, რომელთაგან აღსანიშნავია: „დამოუკიდებლობის დღე“ , „ბლეიდი“, „პრეზიდენტის თვითმფრინავი“, „ვირუსი“ და სხვა. წარმატებით იღებენ რუსეთის კინოსტუდიებიც. ბოლო პერიოდში ნიჭიერმა არტისტმა თავადაც მოირგო რეჟისორის ამპლუა – გადაიღო ფილმი სალვადორ დალის ცხოვრებაზე, სადაც დალის როლს თავად თამაშობს.
დღეს ლევან უჩანეიშვილის დაბადების დღეა, მსახიობი 62 წლის გახდა.
თამარ ოტიაშვილი