გერმანიაში 16 დეკემბრიდან მკაცრი „ლოქდაუნი“ ამოქმედდება

Deutsche Welle“- ს ინფორმაციით, გერმანიაში, პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით, 16 დეკემბრიდან მკაცრი „ლოქდაუნი“ ამოქმედდება, რომელიც  10 იანვრამდე გაგრძელდება.

ახალი საკარანტინო წესები 13 დეკემბერს დამტკიცდა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკეტება მაღაზიები (გარდა სურსათისა), სკოლები, საბავშვო ბაღები და სხვა საჯარო დაწესებულებები.

„ლოკდაუნის“ ფარგლებში – საშობაო დღესასწაულის გამართვა მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში იქნება შესაძლებელი (რაოდენობა – ცხრა ადამიანი).

31 დეკემბერსა და 1 იანვარს იკრძალება მასობრივი ღონისძიებები.

„ლოქდაუნის“ პირობებში არ იკრძალება ეკლესიებში სოციალური დისტანციის დაცვით და პირბადით ღვთისმსახურებაზე დასწრება, თუმცა იკრძალება გალობა და დიდ ღვთისმსახურებაზე დასწრება წინასწარი ჩაწერით იქნება შესაძლებელი.

გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საწარმოებს, რომლებიც „ლოქდაუნით“ დაზარალდებიან, სახელმწიფო ფულად სახსრებით  დაეხმარება.