ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, „ვეფხისტყაოსნის” თარგმნის და ჰინდურ ენაზე გამოცემის იდეა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს არჩილ ძულიაშვილს ეკუთვნის.
ჰინდურ ენაზე გამოცემული პოემის პრეზენტაცია ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ონალინ გაიმართა.
როგორც ელჩმა პრეზენტაციაზე განაცხადა, “ვეფხისტყაოსნის” ჰინდურ ენაზე თარგმნის და გამოცემის იდეა დიდი ხანია, აქვს და მისი განხორციელება ინდოეთში დიპლომატიური მისიით ჩასვლისთანავე დაიწყო.
„2016 წელს, როდესაც ინდოეთში პირველად ჩამოვედი დიპლომატიური მისიით, რათა წარმედგინა ჩემი ქვეყანა – საქართველო, მომეცა ფანტასტიური შესაძლებლობა უკეთ გავცნობოდი ინდურ კულტურას, რომელმაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩვენს გულებში. უძველესი კულტურითა და ტრადიციებით, საქართველო და ინდოეთი ყოველთვის ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.
ინდოეთში ჩასვლის პირველივე დღიდან, მოტივირებული ვიყავი, ინდოელი მკითხველისთვის, ქართული ლიტერატურის ბრწყინვალება გამეცნო და დღეს, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პირველად, ჰინდურ ენაზე, გამოქვეყნდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შედევრი, “ვეფხისტყაოსანი“, რომელიც უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ არის დაწერილი. ეს არის პოემა თავისი უნივერსალური ღირებულებებით, რომელიც აღწერს ბრძოლას ნათელსა და ბნელს შორის.
მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დიდებული პროექტის შექმნაში და ასევე, ვულოცავ ყველას, ამ ისტორიული პროექტის წარმატებით დასრულებას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ლიტერატურის ფესტივალის დირექტორებს, რომ საშუალება მოგვცეს წარვადგინოთ ეს ეპიკური პოემა საქართველოდან. მადლობა ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იყო”, – განაცხადა არჩილ ძულიაშვილმა ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში გამართულ ონლაინპრეზენტაციაზე.