მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს 2 გერმანელი ექიმის ტფილისში სტუმრობის საინტერესო ისტორიას გვერდი მადათოვი ყვება – ამბავი ნიჭსა და ანგარებაზე, რომელიც ალბათ ყველა დროსა და ეპოქაში აქტუალური იქნება.
„ამ რამდენიმე დღის წინად [1895 წ.] ტფილისში გზად გამოიარეს გერმანელ გამოჩენილ ექიმებმა ლეიდენმა და ნოტნაგელმა. რასაკვირველია, აქაურ ავადმყოფებს სასიამოვნოდ დაურჩათიმისთანა შემთხვევა.
სხვა ავადმყოფთა შორის ექიმის სანახავად მივიდა ერთი ქართველი თავადიშვილი შ-ძე. სანამ ექიმის კაბინეტში შეიყვანდნენ, წინა ოთახში ფული გადაახდევინეს. ექიმმა დაუწყო ავადმყოფს გასინჯვა და ჯერ კიდევ რჩევა არ მიეცა, რომ დაეკითხა:
„რამდენი გადაიხადეთ ფულიო?“
„ოცდა-ხუთი მანეთიო“, მიუგო ავადმყოფმა.
„როგორ შეიძლება, სანამ 75 მან. კიდევ არ შემოიტანთ, არ გაგსინჯავთო”, უთხრა ექიმმა.
„მე მომთხოვეს 25 მან. და გადვიხადეო“, უპასუხა ავადმყოფმა.
„არა, მიუგო ლეიდენმა, სანამ 100 მანეთად არ შეასრულებთ, არ შეიძლებაო“.
მაშინ ავადმყოფი წამოდგა და გამობრუნდა ამ სიტყვებით:
„აქ ვაჭრები ყოფილხართ და არა პროფესორებიო“, და აღელვებული წავიდა შინისაკენ. ექიმებმა ფაიტონი უკან დაადევნეს დასაბრუნებლად, მაგრამ თავადმა შეუთვალა:
„მირჩევნია ასე დავრჩე ჩემის სენით და თქვენგან განკურნება არ მინდაო“.
როგორცა სჩანს, დიდი ნიჭი და დიდი ანგარება შესაძლებელი ყოფილა რომ ადვილად მოთავსდნენ ერთი-ერთმანეთთან.“
მადათოვი