საიათნოვა, ალბათ ყველაზე გამორჩეული ტფილისელი აშუღი, საკუთარი ცხოვრებითა და შემოქმედებით კარგად არის ცნობილი. ამჯერად გვერდი მადათოვი გთავაზობთ ერთ კონკრეტულ ამბავს, რომელიც საიათნოვას შესახებ, გაზეთ „დროებაში“, ზ. მთაწმინდელის [ზაქარია ჭიჭინაძის] მიერ 1878 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში გვხვდება.
„…საიათნოვას ცოლი შეურთავს, ერთი ჰავლაბრელი ქალი მარიამა, სამი შვილი ჰყოლია და შემდეგ ცოლი მოჰკვდომია.
ცოლის სიკვდილის შემდეგ ახპატის მონასტერში ბერათ შესულა. მეფე ერეკლე თურმე ძალიან უშლიდა ბერობას, მაგრამ იმას მაინც არ დაუშლია და შესულა.
მონასტერში ბერები თურმე ძალიან ეჩხუბებოდნენ: ლექსების წერას თავი დაანებეო, შენი საქმე არ არის, ხელი აიღევო. მარამ იმას არ დაუშლია და ისევ ბერობა დაუტოვებია და წამოსულა ქალაქში. მაგრამ რადგან მეფე ერეკლე იმაზე გამწყრალი ყოფილა, მისვლა ვერ გაუბედვნია.
აი ამ დროს დაუწერია იმას თავის თავზე შემდეგი ლექსი:
„შე საწყალო ჩემო თავო“
შე საწყალო, ჩემო თავო, რა იქენ?
ქვეყანაში სასაცილო შეიქენ;
საითაც გაიქეც, იქით წაიქეც,
ბოლოს დროს ბედოვლათი შეიქენ.
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!
თითქმის ვიყავ ქვეყანაში ქებული,
ჭიქასავით ოქროს ყუთში დებული,
ეს რა მომივიდა ახირებული?
რაც მომიხდა, განუსჯელობით არი!
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!
მეფეთაგან მეჯლიშს მიწოდებული,
თავადებთან პატივცემით შვებული,
ალისფერი კაბით განშვენებული
ახლა ამა ძაძით გაშავებული.
ესე ხვედრი ჩემის მოძღვრისგან არი!
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!
ბრინჯი ვიყავ, ქრობა რად მინდოდა?
ქორი ვიყავ, ძერობა რად მინდოდა?
ერი ვიყავ, მღვდელობა რად მინდოდა?
მოდი, მითხარ, ბერობა რად მინდოდა?
ვგონებ, ჩემის უბედურის დღისაგან არი.
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!