შვეიცარიამ საქართველო ეპიდემიოლოგიურად სახიფათო ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალური ოფისი აქვეყნებს.
იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც დაბრუნებისას სავალდებულოა 10-დღიანი კარანტინის გავლა, საქართველოს გარდა მოხვდნენ აშშ, ლიეტუვა, იორდანია, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო, სერბეთი, სლოვენია და უნგრეთი და იტალიის რეგიონები: ემილია-რომანია, ფრიული-ვენეცია -ჯულია და ვენეტო, აგრეთვე ავსტრიის ფედერაციული მიწები – შტირია და კარინტია.
შვეიცარიაში 10-დღიანი კარანტინის დამრღვევი 10 ათასი ფრანკით დაჯარიმდება.
„შვეიცარიის მთავრობის N818.101.24 განკარგულებაში შესული ბოლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები შვეიცარიაში შემოსვლას შესძლებენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში:
- ოჯახის ახლო წევრები, ანუ მეუღლე / ცოლი, რეგისტრირებული პარტნიორი და მცირეწლოვანი შვილები;
- იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა ან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. კერძოდ: მეუღლე, პარტნიორი, მშობელი, ძმა ან და, შვილი, შვილიშვილი, ან და-ძმა.
- შვეიცარიაში შესვლა აუცილებელია სამედიცინო მკურნალობის გასაგრძელებლად, რომელიც დაიწყო შვეიცარიაში ან საზღვარგარეთ;
- უცხოელი მეუღლისა და შვეიცარიის მოქალაქის უცხოელი არასრულწლოვანი შვილები, რომელთაც სურთ შვეიცარიაში დაბრუნდნენ შვეიცარიის მოქალაქესთან ერთად განსაკუთრებული სიტუაციის გამო, მაგალითად, ევაკუაციის შემთხვევაში;
- ოფიციალური ვიზიტების შემთხვევაში განსაკუთრებული აუცილებლობის გათვალისწინებით, როგორიცაა საერთაშორისო ვალდებულებები;
- ეკიპაჟის წევრები დაგეგმილი, სპეციალური და ჩარტერული ფრენების გათვალისწინებით;
- ოჯახის ახლო წევრების (ბავშვები, შვილიშვილები, მშობლები; და-ძმები) სამედიცინო დახმარების გაწევისა და მოვლის მიზნით.
ამასთან ერთად, 14 დეკემბრიდან, სავალდებულოა 10 დღიანი კარანტინის გავლა.“ – ნათქვამია შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.