დღეს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე ჩვენი სპორტისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს – ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.
ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ონლაინ-ფორმატში გამართული ევროპული ფორუმის ყველა დელეგატმა, რომლებმაც მოისმინეს აუცილებელი ინფორმაცია საქართველოს განაცხადის შესახებ, ასევე ნახეს სეოკ-ის მიერ წარდგენილი სამწუთიანი საპრეზენტაციო ვიდეო რგოლი.
„დღეიდან იწყება ახალი და მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. დადგა ენერგიული მოქმედების, კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისა და ზამთრის სპორტში სერიოზული ინვესტიციების განხორციელების დრო,“ – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, 2019 წლის 30 ივლისს გამართულ აღმასკომის რიგგარეშე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მისაღებად ოფიციალური განაცხადი წარედგინა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში (EOC).