გამოცემა zamin.uz – ის ინფორმაციით., ტაშკენტის „ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას გუნდის მთავარ მწვრთნელთან შოთა არველაძესთან კონტრაქტის გაგრძელება სურს.
ხელშეკრულება ქართველ მწვრთნელსა და დედაქალაქის კლუბს შორის 2020 წლის ბოლოს მთავრდება, თუმცა „ფახთაქორს“ არველაძესთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს და მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეთანხმების გაგრძელების თაობაზე.
ტაშკენტის საფეხბურთო კლუბი „ფახთაქორი“ შოთა არველაძის თაოსნობით ზედიზედ მეორედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. გასულ სეზონში კი „ფახთაქორმა“ ქვეყნის ჩემპიონობასთან ერთად უზბეკეთის თასი და ლიგის თასიც მოიგო.
„ზედიზედ მეორედ – ფახთაქორი სუპერ ლიგის ჩემპიონია! ვამაყობ ჩემი გუნდით და ამ მიღწევით. ვფიქრობ, არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შევქმენით. მადლობას გიხდით ყველას თბილი მესიჯებისთვის და იმ ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ“, დაწერა არველაძემ თავის Facebook–გვერდზე.