2020 წლის 20 ნოემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას ონლაინ შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
დისტანციურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, იტალიაში, საბერძნეთისა და საფრანგეთის რესპუბლიკებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახლად არჩეული პარლამენტის და მთავრობის სამომავლო გეგმებზე, რომლის ძირითად მიმართულებას ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება და განვითარება წარმოადგენს, რაც დადასტურდა ავტორიტეტული საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებით.
არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და დიასპორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გზებსა და დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებზე მსჯელობის მიზნით, ონლაინ ფორმატში კვლავ გაგრძელდება სამუშო შეხვედრები, ვინაიდან, მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, ამ ეტაპზე, სახელმწიფოს წარმომადგენლები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, გამართონ უშუალო შეხვედრები დიასპორასთან მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. კერძოდ, მინისტრმა ისაუბრა სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს ვიზიტზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელობას, რაც წარმოადგენს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და მნიშვნელოვანია საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.
დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებთან ისაუბრა დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიასა და იმ მიმდინარე პროგრამებზე, რომელსაც საგარეო უწყება ახორციელებს დიასპორული ორგანიზაციებისა და თანამემამულეების მხარდასაჭერად.
მინისტრმა ისაუბრა, ასევე, სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითი სახის პროგრამებზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს, დიასპორაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, დაიწყება კიდევ ერთი ახალი საგრანტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების უზრუნველყოფას საცეკვაო კოსტიუმებითა და დასაკრავი ისტრუმენტებით.
მინისტრმა ზალკალიანმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა, პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, გასაჭირში მყოფი ემიგრანტების პრობლემების დასაძლევად გაწეული თანადგომისთვის.
შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა, აგრეთვე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ იმ საქმიანობისთვის, რაც მიზნად ისახავს მშობლიური ენის, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. მან აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. სიტყვით გამოსვლისას ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა, ასევე, საქართველოს საგარეო უწყებას „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამის განხორციელებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამები ხელს შეუწყობს დიასპორაში მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივების წარმოქმნას.
თავის მხრივ, უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მადლიერებით აღნიშნეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების ის ძალისხმევა, რომელიც გამოჩენილ იქნა პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების მიზნით. მათ, ასევე, ხაზი გაუსვეს „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროექტის დადებით მნიშვნელობას და იმედი გამოთქვეს, რომ ის მომავალშიც გაგრძელდება.
პანდემიიდან გამომდინარე, დისტანციური სახის შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან რეგულარულად იმართება.