ღვინოსთან დაკავშირებული ლეგენდები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია შემორჩენილი. მათ შორის – აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც კი, სადაც ღვინის დაყენების კულტურა თითქმის არასოდეს არსებულა. თუმცა, ღვინის ნამდვილ ქართულ ფენომენს ფშაველები თუ ხევსურები ბარის ქართველებზე არანაკლებად აღიქვამდნენ. თიანეთში დღესაც შემორჩენილია გამოთქმა: “ჩვენებურს თუ ღვინო მასწყურდა, ვერა კახელი თამადა ვერ გაუძლებსო”.
გიორგი იორამაშვილი, თიანეთის რაიონის სოფელი ზარიძეები:
“ჩვენთან ერთი ძალიან ძველი ლეგენდაა შემორჩენილი, რომელიც დღეს ახალგაზრდებიდან ცოტას თუ ახსოვს: უხსოვარ დროს, როდესაც ღმერთი დედამიწაზე ცხოვრობდა, გადაწყვიტა, საიქიოდან გამოძევებული და შრომისაგან დაქანცული ადამიანების ცხოვრება უფრო საინტერესო გაეხადა. დაჯდა, იფიქრა, იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა, ისეთი სასმელი შეექმნა, რომელიც კაცს მცირე ხნით, მაგრამ მაინც დააბრუნებდა სამოთხეში. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ღმერთმა ღვინო სამოთხის რამდენიმესაათიანი ილუზიის შემქმნელად გააკეთა. გააკეთა და ღვინის გასასინჯად ყველა ანგელოზი და ეშმაკიც მიიწვია. ღვინო ყველას მოეწონა. მათ შორის ეშმაკსაც. მაგრამ ეშმაკი რისი ეშმაკი იქნებოდა, ღმერთს რომ არ გაჯიბრებოდა. მანაც ბევრი იფიქრა და რაკი სხვა ვერაფერი მოიფიქრა, ადგა და ღმერთის მიერ გაკეთებული ღვინის ნარჩენებით, ანუ ჭაჭით, სხვა, უფრო მათრობელა და ძლიერი სასმელი – არაყი გააკეთა. მერე ამ სასმელის გასასინჯად ღმერთი მიიწვია. მივიდა ღმერთი, დალია ერთი ჭიქა, მეორე, მესამე და მეოთხეც რომ დალია, ეშმაკს უთხრა: “ვინც არაყი დალიოს, სამ ჭიქამდე ჩემსკენ იყოს, სამი ჭიქის მერე კი შენთვის დამითმიაო. თიანეთში მოხუცები ახლა როცა არაყს სვამენ, მეოთხე ჭიქას “საეშმაკოს” ეძახიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მალე გადავიდნენ მეხუთე ჭიქაზე. ბევრმა არც კი იცის, რატომ ეძახის მეოთხე ჭიქას “საეშმაკოს“. არადა, ეს გამოთქმა და საერთოდ, ეს ტრადიცია სწორედ იმ ძველი ლეგენდიდან მოდის”
ჩვენი საუნჯე