6 ნოემბერს, 60 წელი სრულდება, რაც იერუსალიმის ქართული სავანის – ჯვრის მონასტრის სიძველეთა შემსწავლელმა სამეცნიერო ექსპედიციამ ირაკლი აბაშიძის, აკაკი შანიძისა და გიორგი წერეთლის შემადგენლობით, ძველი ქართული წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით, ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე გამოსახულ და შემდეგ გადაღებილ შოთა რუსთაველის პორტრეტს მიაგნო.
ეს გახლდათ მე-20-ე საუკუნეში უმნიშვნელოვანესი, ისტორიული სამეცნიერო ექსპედიცია, რომელიც ირაკლი აბაშიძემ თავის შესანიშნავ ესეში – „პალესტინური დღიური“ ასახა, ხოლო, განცდილისა და ნანახის უკიდეგანო ემოციებმა პოეტური შედევრი „პალესტინა, პალესტინა“ დააწერინა.
„საქართველოს საელჩოს დაგეგმილი ჰქონდა, ექსპედიციის 60 წლისთავი განსაკუთრებით აღენიშნა იერუსალიმში, მაგრამ პანდემიის გამო, შევეცდებით, ინტერნეტის საშუალებით მივაგოთ პატივი ქართული კულტურის ფასდაუდებელ მონაპოვარს და მათ დიდ მოამაგეებს.
მომდევნო დღეებში შემოგთავაზებთ ნაწყვეტებს „პალესტინის დღიურიდან“. ერთად გავიხსენოთ ჩვენი დიდებული მეცნიერების და საზოგადო მოღვაწეების მიერ ქართული კულტურული მემკვიდრეობის წინაშე გაწეული ფასდაუდებელი შრომა“, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
ირაკლი აბაშიძის „პალესტინური დღიური“ მისი დაწერიდან 60 წლის თავზე ხელმეორედ გამოიცა. წიგნის ნაწყვეტების ელექტრონული ვერსია ისრაელში მცხოვრებმა ქართველებმა შეადგინეს.