3 – 6 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება

3 – 6 ნოემბერს, თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ONLINE რეჟიმში გაიმართება.

წელს, ფესტივალი 5 ქვეყნის 5 საუკეთესო კინოსკოლას აერთიანებს. გერმანიის DFFB, პოლონეთის LODZ FILM SCHOOL, ისრაელის JERUSALEM SAM SPIEGEL FILM SCHOOL, არგენტინის UNIVERSIDAD DEL CINE და საქართველოს TAFU კინოსკოლების სპეციალური 120 წუთიანი კინოპროგრამები ნაჩვენები იქნება live stream-ის მეშვეობით სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმებით. გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომლის წევრები არიან კინორეჟისორი თამარ შავგულიძე და კინომცოდნეები, ნენო ქავთარაძე და გიორგი რაზმაძე.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსი. ფორუმი ჩატარდება 4-5-6 ნოემბერს, COVID-რეგულაციების სრული დაცვით. ფორუმის მონაწილეებს ფიჩინგის ტრენინგ ჩაუტარებს კინორეჟისორი ქეთი მაჭავარიანი, ხოლო ჟიურის წევრები კინორეჟისორი დავით ჯანელიძე, მწერალი, სცენარისტი ნესტან კვინიკაძე და კინოოპერატორი გიორგი შველიძე გამოავლენენ 3 გამარჯვებულს, რომლებიც შესაბამისი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 6 ნოემბერს, 15:00 საათზე, სადაც გამოვლინდებიან ფორუმის I, II და III ადგილის ლაურეატები. ასევე გამარჯვებულები დასახელდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული/დოკუმენტური/ანიმაციური ფილმები.

პროექტი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.