ბათუმში ახალი ტექნოპარკი გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ახალი ტექნოპარკი გაიხსნა.

პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ბათუმის ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია (ფაბლაბი). უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში დაეხმარება.

ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის“, სადაც შესაძლებელია გარკვეული პირობებით სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად. სივრცე აღჭურვილია ყველა პირობით, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპის განვითარებას.