28 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი LIFE N STYLE , თბილისი, 2020, ირეალური რეალობა გაიხსნა.
პროექტი LIFE N STYLE განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით იმართება და თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი დარგის (ხელით ბეჭდვა-სერიგრაფია, აბრეშუმით ბეჭდვა, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა, ბრომ ვერცხლით ბეჭდვა) განვითარებას და ანაბეჭდის ყოველწლიური ფესტივალის ორგანიზებას ისახავს მიზნად.
პროექტის პარტნიორები ასევე არიან „შემოქმედებითი საქართველო“ და MOMA თბილისი (ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი).
„პრინტ ფესტივალის ეგიდით აბრეშუმით ბეჭდვის ერთადერთი უნიკალური სახელოსნო დაფუძნდა, სადაც 200-მდე ქართველი და უცხოელი მაღალი დონის მხატვრის ეპოქალური კოლექციაა გაერთიანებული. მსგავსი ატელიეები მსოფლიოში ელიტარულ და უნიკალურ სახელოსნოებად ითვლება, მხატვრის მიერ შექმნილი საავტორო ანაბეჭდით, რომელთაგან ყველა ორიგინალია, ძვირადღირებული მხატვრის ნამუშევრის საკმაოდ მისაღებ ფასად შეძენაა შესაძლებელი.“ – აღნიშნულია განცხადებაში.
პრინტ ფესტივალში საქართველოს გარდა აშშ, ბელარუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ესპანეთი, კანადა, რუსეთი, საფრანგეთი და სომხეთი მონაწილეობს.
გამოფენები მუზეუმში ყოველდღე, 18 საათიდან 21 საათამდე ერთი თვის განმავლობაში გაიმართება.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.