ბუნდესტაგში გერმანულ-ქართული ფორუმი დაფუძნდა 

26 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგში დაფუძნდა გერმანულ-ქართული ფორუმი. ფორუმის დაარსების ინიციატივა ეკუთვნის დეპუტატ აქსელ ფიშერს, რომელიც მმართველი საბჭოს თავმჯდომარის რანგში უხელმძღვანელებს ფორუმის საქმიანობას.

ფორუმის მიზანს წარმოადგენს საქართველო-გერმანიას შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცება და გაფართოება, გერმანიის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება.

„ფორუმი შექმნის დამატებით პლატფორმას ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციური პარტნიორობისთვის, რაც მტკიცე საფუძველი იქნება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპულ და ჩრდილო ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის მიზნით,”- განაცხადა საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ.

უახლოეს მომავალში იგეგმება ფორუმის გაფართოება, რაც გულისხმობს როგორც ქართველი, ისე გერმანელი პოლიტიკოსების, საზოგადოებრივი წრეებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ფორუმში ჩართულობას.