NASA Space Apps Challenge 2020​-ის რჩეულთა შორის 2 ქართული გუნდი მოხვდა

NASA Space Apps Challenge 2020 ოქტობრის თვეში, მსოფლიოს 200 ლოკაციის პარალელურად, თბილისშიც მიმდინარეობდა. ადგილობრივი ჰაკათონის 70 მონაწილე, რომელიც 17 გუნდად იყო შეკრული, გლობალურ გამოწვევებზე 48 საათის განმავლობაში მუშაობდა, პარალელურად კი ლექციებს სფეროს პროფესიონალებისგან ისმენდა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ NASA-ს გლობალური ნახევარფინალისთვის, მსოფლიოს მასშტაბით 2200 გუნდიდან შერჩეულ 340-ს შორის ორი ქართული გუნდიც მოხვდა — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარი – Fire Detector და კომაროვის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული The2Degrees. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების პოპულარიზაციისა და ინოვაციების მიმართულებით – ნანა დიხამინჯია ავრცელებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კი NASA Space Apps Challenge Tbilisi-ს თანაორგანიზატორია.

რაც შეეხება ადგილობრივ ჰაკათონში გამარჯვებულ და გლობალურ ნახევარფინალში გასულ ორ გუნდს/პროექტს, Fire Detector ქმნის პროგრამას/ალგორითმს, რომელიც წინასწარ შეძლებს ხანძრის მაღალი რისკის შემცველი ტერიტორიების გამოვლენას და ამაში რამდენიმე საზომს დაეყრდნობა. The2Degrees კი ვებაპლიკაციის საშუალებით ქმნის CO2 ემისიების რეგიონალიზაციის შესაძლებლობას. სისტემის გამოყენებით კი ნებისმიერი ქვეყანა შეძლებს CO2 და სხვა სათბურის გაზების ემისიის შესახებ რეგიონალიზებული მონაცემებისა და სტატისტიკის ქონას. რაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ლოკალურ მოცემულობებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას.

აღსანიშნავია, რომ 2200 გუნდიდან 340 ნახევარფინალში გადავიდა, აქედან საუკეთესო 40-ს NASA უახლოეს მომავალში გამოავლენს. გლობალურ ფინალში გასულ გუნდებს კი NASA-ში ვიზიტი, კოსმოსური სააგენტოს მხარდაჭერა და პროექტების რეალური განხორციელების პერსპექტივა ელოდებათ.

on.ge