2020 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ეწვია თურქეთის ქალაქ საქარიის ქართველთა კულტურის ასოციაციას, სადაც შეხვედრა გამართა ასოციაციის ხელმძღვანელობასთან და წევრებთან. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ასოციაციის ბაზაზე არსებულ ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ ქართული ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერის ფარგლებში შეძენილი ინსტრუმენტები.
გიორგი ჯანჯღავამ დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ის პროექტები და ინიციატივები, რომლებიც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დასაცავად და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და გენერალური საკონსულოების მიერ გლობალური პანდემიის პირობებში გაწეული საქმიანობის შესახებ.