კვიპროსში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კვიპროსის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო ახალი გადაწყვეტილებები, რომლებიც იმოქმედებს 23 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე:
- დაშვებულია მაქსიმუმ 10 ადამიანის შეკრება (როგორც სახლში, ისე გარეთ; შეზღუდვა არ ეხება კვების ობიექტებს);
- კვების ობიექტებში დაშვებულია: დახურულ სივრცეში მაქსიმუმ 75 და ღია სივრცეში მაქსიმუმ 150 ადამიანის შეკრება;
- რესტორანში ერთ მაგიდასთან მსხდომ პირთა მაქსიმალური რაოდენობა უნდა იყოს 6;
- ეკლესიებში რელიგიური ღვთისმსახურება იმართება კვიპროსის წმინდა სამთავარეპისკოპოსოს მითითებების შესაბამისად;
- სპორტული ღონისძიებები იმართება მაყურებლის გარეშე;
- დახურულ და ღია კინოთეატრებში/თეატრებში დაშვებულია მაყურებლის მაქსიმუმ 50%;
- იკრძალება ქორწილთან ან ნათლობასთან დაკავშირებული წვეულებები. დაშვებულია დასწრება (მაქსიმუმ 350 ადამიანი) მხოლოდ ქორწილის/ნათლობის ვახშამზე;
- სუპერმარკეტები და აფთიაქები სამუშაო დღის დაწყებიდან დილის 9 საათამდე მოემსახურება მხოლოდ 60 წელს გადაცილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
- პირბადის ტარება სავალდებულო ხდება გარე სივრცეშიც, ყველა პირისთვის 12 წლის ასაკიდან.
ზემოაღნიშნულის გარდა, ბოლო პერიოდში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო, ლიმასოლისა და პაფოსის ოლქებში დაწესდა დამატებითი შეზღუდვები:
- ყველა სახის კვების ობიექტის მუშაობა დაშვებულია 22:30 სთ.-მდე, ხოლო აღნიშნული დროის შემდეგ შესაძლებელია სახლში მიტანის მომსახურებით სარგებლობა;
- იკრძალება გარეთ გასვლა საღამოს 11 სთ.-დან დილის 5 სთ.-მდე, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა (სამედიცინო მიზნით: აფთიაქში/საავადმყოფოში ან/და სამუშაო მიზნით), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით;
- 18 წლამდე ასაკის ბავშვების ყველა სახის სპორტული თუ სოციალური აქტივობა დროებით შეჩერებულია;
- 18 წლამდე სპორტსმენების იმ გუნდების სპორტული ღონისძიებები, რომლებიც განლაგებულია ლიმასოლისა და პაფოსის ოლქებში, დროებით შეჩერებულია.