ეროვნული კინოცენტრის პროექტი „შემოქმედებითი ევროპის“ მედია ქვეპროგრამის კონკურსის გამარჯვებულია. ამ გამარჯვებით საქართველომ 205 295 ევროს ოდენობის გრანტიც მოიპოვა. კონკურსში სულ 23 პროექტი მონაწილეობდა, უმაღლესი შეფასება და გამარჯვებულის სტატუსი კი მხოლოდ ხუთ მათგანს ერგო.
„ისტორია-კინო-ისტორია“ (History-Film-History) – ასე ჰქვია ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით პარტნიორ ქვეყნებთან ერთად შეიქმნება. ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმაზე მუშაობა ნოემბერში დაიწყება და იგი სამომავლოდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.
პროექტის მონაწილე ქვეყნების მაგალითებზე მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ევროპის ისტორიისა და ევროპული კინოს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს. ასევე, შეიქმნება იმ ფილმების კატალოგი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მე-20 საუკუნის ისტორიის შესასწავლად. პროექტის ფარგლებში შექმნილ სასწავლო მასალებს ექნებათ ვიდეო ლექციების სახე (თეორიულ მასალასთან და სავარჯიშოებთან ერთად), რაც განასხვავებს ახალ პორტალს აქამდე არსებული ამ ტიპის სხვა საგანმანათლებლო რესურსებისგან.
პლატფორმის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტის პარტნიორ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პროექტის – „კინო სკოლაში“ ფარგლებში.
„კინო სკოლაში“ არის პროექტი, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი უკვე 6 წელია წარმატებით ახორციელებს. იგი უკვე ორჯერ (2016-2017 და 2018-2020 წლებში) იყო “შემოქმედებითი ევროპის“ ამავე კონკურსში გამარჯვებული პროექტების პარტნიორი.
ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმაზე მუშაობა ნოემბერში დაიწყება. იგი სამომავლოდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.