თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2020 წლის 18 ოქტომბერს, თანამემამულეებთან შეხვედრების ფარგლებში, თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მორიგი შეხვედრა გამართა ანკარაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.
საქართველოს ელჩმა სიტყით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
გიორგი ჯანჯღავამ დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ის პროექტები და ინიციატივები, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დასაცავად და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა თანამემამულეებს მიაწოდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და გენერალური საკონსულოების მიერ გლობალური პანდემიის პირობებში გაწეული საქმიანობის შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო ხსენებულ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისთვის აღმოჩენილ დახმარებებს, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც, თანამემამულეებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მათ ადგილზე გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია.